ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, შსს-ში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმებისა და უწყების სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, ვახტანგ გომელაური პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგა.

შსს-ს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში დეტალურად ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმებისა და უწყების სამომავლო გეგმების შესახებ.

“შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა, პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით განხორციელებული კრიმინალური პოლიციის რეფორმის, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარების, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეული საქმიანობის თაობაზე, ასევე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობაზე, სამინისტროს ავტორობით განხორციელებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებზე, ბოლო წლებში სამართალდამცველების ანაზღაურების მნიშვნელოვან ზრდაზე, სამინისტროში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა დანაშაულის კლების ტენდენციაზე, ასევე, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელზე.
ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას, ასევე, განაცხადა, რომ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური შესაძლებლობების განვითარება. მისივე თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დანაშაულის გამოძიების ხარისხს.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას, ასევე, ყურადღება გაამახვილა სამინისტროს თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერებასა და სპეციალიზაციის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე.

მოხსენების დასასრულს ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის უწყების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, მედიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები