„ციხის სკანდალი გრძელდება – „ნაციონალებმა“ მერაბიშვილი შეიძლება პარტიიდან გარიცხონ“

სკანდალი, რომელმაც არა მხოლოდ შეცვალა პოლიტიკური წყობა საქართველოში, არამედ დღემდე ახდენს ამ პროცესებზე ზემოქმედებას და კიდევ რთული სათქმელია, რით დასრულდება, ან დასრულდება თუ არა საერთოდ ეს ხმაური. ფაქტია, თუკი მტკიცებულებები მართლაც გამოჩნდება, როგორც ეს „ქრონიკა+“-ის რედაქტორმა დააანონსა, მაშინ ეს გარკვეულ ცვლილებებს ისევ მოახდენს.
ციხის კადრებზე თითქმის მაშინვე თქვა, რომ ის ვანო მერაბიშვილის მიერ იყო პროვოცირებული. თუმცა, მხოლოდ ახლა დაწერა ელისო კილაძემ სოცქსელებში, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, ბედუკაძე რომ ვანოს ჩანერგილი იყო ციხეშიო. თავად ბედუკაძემ ეს ფაქტიც უარყო და, შესაბამისად, „მტკიცებულებებიც“. საინტერესოა, რომ „ნაციონალებმა“ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ადრე იმას მაინც ამბობდნენ, რა სისულელეაო, ახლა კი არც კის ამბობენ და არც – არას. შეიძლება მათთვისაც რაღაც არის ცნობილი?
სხვათა შორის, როგორც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მედიაში წერდნენ, ვანოს საკითხი თითქოს მაშინვე გაირჩა ლიდერშიფში, ამბობდნენ, რომ ეს ხმაურიანი „რაზბორკა“ იყო.
არ გამორიცხავენ, რომ ახლა ვანო მერაბიშვილი პარტიიდანაც გარიცხონ. ჯერჯერობით არავინ ამბობს, კონკრეტულად რა მტკიცებულებები შეიძლება ჰქონდეს ელისო კილაძეს.

„პრაიმტაიმმა“ კომენტარი ვალერი გელბახიანს სთხოვა:
– ვინაიდან ელისო კილაძის ადრე გამოქვეყნებული მასალებისა და მოსაზრებების უმრავლესობა სიმართლე აღმოჩნდა და ეს უმრავლეს შემთხვევაში დამტკიცდა, ამ შემთხვევაშიც, ალბათ, აქვს ელისოს რაიმე დამადასტურებელი – რა შეიძლება ეს იყოს? – ან ჩანაწერი, ან დოკუმენტაცია, ან რაიმე სხვა ფაქტი, რომელიც ეჭვებს პასუხს გასცემს. რაც შეეხება იმას, რომ ბედუკაძე სისტემაში მუშაობდა, რომ თავად მონაწილეობდა გადაღებებში, ეს ხომ ისედაც დამტკიცებულია? ეს არის უტყუარი ფაქტი. თავად ბედუკაძე იყო შემსრულებელიც და მონაწილე პირიც, ამიტომ ვფიქრობ, აქ სადავო არაფერია. რამდენად იყო ეს ყველაფერი გამიზნული პოლიტიკური პროცესებისთვის და რამდენად იყო მართული, ეს არის საკითხი. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ვთქვი და დღესაც ასე მგონია, რომ სპონტანურად მოხდა ეს ყველაფერი, რადგან ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდა, რომელიც წინასწარვე ჩანდა, რომ გაიმარჯვებდა, ბედუკაძის კადრების გასაჯაროებით, უბრალოდ, მოვლენები დაჩქარდა. მაშინ პირადად მე ვფიქრობდი, რომ ბედუკაძის მხრიდან ეს იყო კეთილი ნება, მაგრამ მერე ძალიან ბევრმა ღიადაც და საჯაროდაც განაცხადა, რომ თავად მონაწილეობდნენ ბედუკაძის მასალების გასჯაროებაში.
ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია კითხვები – რატომ გაასაჯაროვა ბედუკაძემ აღნიშნული კადრები? რამ აიძულა ეს ნაბიჯი გადაედგა? იყო თუ არა გარიგება? ამას თავად ბედუკაძემ უნდა უპასუხოს. რაც შეეხება ელისო კილაძესა და ბედუკაძეს, ისინი ერთი პერიოდი ერთად იყვნენ და შეიძლება ბედუკაძე უყვებოდა მას შიდა სამზარეულოს ამბებს. შესაბამისად, შესაძლებელია კილაძე სწორედ ბედუკაძისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებს ასეთ განცხადებას.
– როგორ ფიქრობთ, ვის შეიძლება ჰქონდეს ჩანაწერი და ფიქრობთ თუ არა, რომ მერაბიშვილი პირდაპირ დაუკავშირდებოდა ბედუკაძეს?
– შესაძლებლობა არაფრის არ არის გამორიცხული. როდესაც კადრები გამოქვეყნდა, მე მაშინვე გამოვთქვი ჩემი აზრი, რომ მაშინ მერაბიშვილსა და ახალაიას შორის ისეთი დაპირისპირება იყო, რომ, თუ ვინმეს აწყობდა ახალაიას გადაყენება, ეს სწორედ მერაბიშვილი იყო. მაშინ ჩემი მოსაზრების მიმართ ბევრმა გამოთქვა ეჭვი და დღეს ჩანს, რომ არცთუ ისე უსაფუძვლო ყოფილა. მერაბიშვილმა შესაძლოა, უბრალოდ, მასშტაბები ვერ გათვალა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა პროცესს. ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ ვანო მერაბიშვილი შორსმჭვრეტელი არ ყოფილა, ის ამდენს ვერ გათვლიდა და, შესაბამისად, უკვე მოგვიანებით ვეღარ შეძლო სიტუაციის გაკონტროლება.
– ანუ შეიძლება მერაბიშვილმა ჩანაწერები ახალაიას საწინააღმდეგოდ გააკეთა და შემდეგ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა?
– ზუსტად ეს აზრი გამოვთქვი 2012 წლის სექტემბერში, როდესაც ციხის კადრები გავრცელდა. არ გამოვრიცხავ, რომ ახალაიას წინააღმდეგ სწორედ მერაბიშვილის ხელშეწყობით ყოფილიყო ციხის კადრების გავრცელება. უბრალოდ, მოგვიანებით პროცესებმა ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ მერაბიშვილი უძლური გახდა და პროცესები ვეღარ შეაჩერა, რაც მათთვის და, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამღუპველი აღმოჩნდა. რამდენად იყო ჩართული ბედუკაძე ამ სქემაში, ამის არც მტკიცებულება მაქვს და არც სხვა რაიმე მოსაზრება გამაჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნული ვერსია არსებობს.
– რამდენად შესაძლებელია, ახალაიას ან ნაციონალებს სცოდნოდათ, რომ მერაბიშვილი დამოუკიდებლად მოქმედებდა ვიღაცის წინააღმდეგ?
– შეიძლება მათ ჰქონდათ კიდეც ეჭვები. ცხადია, ეჭვები ექნებოდათ და დარწმუნებული ვარ, დღესაც ძალაში რჩება ეს ეჭვები.
– ამით შეიძლება აიხსნას ნაციონალების დამოკიდებულება ვანო მერაბიშვილის მიმართ? ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან მერაბიშვილის პლაკატის ჩამოხსნით დაწყებულ ბევრ სხვა ფაქტს, რომლის მიხედვითაც იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ნაციონალები მერაბიშვილს ემიჯნებიან…
– ბუნებრივია, ვიცით და არის ინფორმაცია, რომ მერაბიშვილსა და ნაციონალებს შორის შავმა კატამ გაირბინა. საუბარი იყო ასევე იმაზეც, რომ მერაბიშვილი უნდა გადაეყენებინათ გენმდივნის თანამდებობიდან, თუმცა ეს ინფორმაციები დადასტურებული არ არის.
– როგორ ფიქრობთ, თუ მართალია, რომ მერაბიშვილი დამოუკიდებლად მოქმედება და ბედუკაძეს ვიღაცის წინააღმდეგ იყენებდა, რა სქემა შეიძლება ჰქონოდა მას შემუშავებული?
– მერაბიშვილს უნდოდა, რომ საარჩევნო კამპანიის წინ კომპრომატებით ჩამოეშორებინა შიდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, პირველ რიგში, ახალაიების დაჯგუფება. ამიტომ ის ერთი ხელის მოსმით ორ საქმეს აკეთებდა, მაგრამ არ მოხდა ისე, როგორც ელოდა ის, სავარაუდოდ, სიტუაციის განვითარებას. ტელეეთერებში გასულმა ციხის კადრებმა საზოგადოებაზე ისე იმოქმედა, რომ ხალხმა ქუჩაში დაიწყო გამოსვლა, მიტინგმა მოიცვა სრულიად ქვეყანა და შედეგად მერაბიშვილის ძალა მთლიანად ემსხვერპლა ამ ყველაფერს.
– თუ არსებობს მტკიცებულება, მართლაც რომ ბედუკაძე მოქმედებდა მერაბიშვილის დავალებით და მათ შორის იყო რაიმე კავშირი, თუნდაც სატელეფონო, ეს ჩანაწერი ვის შეიძლებოდა მაშინ გაეკეთებინა?
– როგორც ხედავთ, ჩაწერას არც ერთი მხარე არ თაკილობდა, ციხის კადრებმა გვაჩვენა, რომ ბედუკაძეც იგივეს აკეთებდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერც ერთ მხარეს ვერ გამორიცხავ, მაშინ ყველა იწერდა და ყველა იღებდა. ამიტომ გამორიცხული აქაც არაფერია, აქ ერთი მხარე არ არსებობს, ორივე მხარეს შეიძლება ჩანაწერი გაეკეთებინა.
– თუ დადასტურდება მერაბიშვილის კავშირი ბედუკაძესთან, როგორ ფიქრობთ, რამდენად გარდაუვალი იქნება „ნაციონალების“ დაშლა?
– დაშლა არ ვიცი, მაგრამ მერაბიშვილს რომ მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ეს ფაქტია. სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმყოფება და ახალი არაფერი იქნება, მაგრამ ნაციონალებმა შეიძლება მერაბიშვილი თანამდებობიდანაც გადააყენონ და გაემიჯნონ კიდეც მას. ეს ორჯერ ორი ოთხია, ისეთი ნათელია ყველაფერი, თუ დადასტურდება.
– შეიძლება, რომ პარტიიდან გარიცხონ?
– ცხადია, შეიძლება გარიცხონ.
– ვინ შეიძლება გაჰყვეს მერაბიშვილს პარტიიდან?
– არავინ არ გაჰყვება, როდესაც ასეთ რაღაცაზეა საუბარი. ეს არის ის მარცხი, რომლის პატიებაც არ შეიძლება. ამ ჩანაწერების გამო დამარცხდა „ნაციონალური მოძრაობა“ და ასეთ შემთხვევაში კონტრარგუმენტი არ არსებობს.
ელისო კილაძის პოსტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაჩნდა სოციალურ ქსელში არა მხოლოდ ვანო მერაბიშვილზე აკეთებდა აქცენტს, არამედ სხვა 4 მაღალჩინოსანზეც, რომელიც ასევე ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია. ვარაუდობენ რომ ერთ-ერთი მათგანი შეიძლება მესხელი იყოს, რომელიც ვანოს მარჯვენა ხელი იყო და მინისტრი მის პირველ მოადგილეს ყველაფერში ენდობოდა.
ელისო კილაძე: „თვითონ შოკირებული ვარ. „ნაციონალური მოძრაობიდან“ 4 მაღალჩინოსნის გვარი ფიგურირებს. ლადო ბედუკაძე ვანო მერაბიშვილის „ოდეერი“ იყო. დამატებით, ამ ეტაპზე, არაფრის თქმას არ ვაპირებ ჯერჯერობით. ლადო ბედუკაძე, რომელიც ყველას გმირი ეგონა, ვანო მერაბიშვილის მიერ იყო ჩანერგილი“.

უფრო ადრე მერაბიშვილს ასეთივე ბრალდება თეა თუთბერიძემ წაუყენა. მაშინ მან ინტერვიუ „პრაიმტაიმს“ მისცა და ციხის კადრებში სწორედ შს ყოფილი მინისტრი დაადანაშაულა.

თეა თუთბერიძე:
– ციხის სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა, ის, რომ ვანო მერაბიშვილმა არაფერი იცოდა, არის არაადეკვატური და ალოგიკური. მეტიც, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი თავად ვანო მერაბიშვილმა გააკეთა. ციხის სკანდალური კადრებით ვანო მერაბიშვილმა დაარტყა მიხეილ სააკაშვილს და დაარტყა იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ იყვნენ მიხეილ სააკაშვილის დასაყრდენი ფიგურები. ბაჩო და დათა ახალაიები გახლდნენ რეალურად მიხეილ სააკაშვილის ერთგულები და დასაყრდენი ძალა. ეს რომ ასე იყო, არჩევნების წინა თვეებშიც გამოჩნდა, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი ჩამოაცილა შსს-ს, მის ხელში იყო ყველა კონტროლის მექანიზმი და გადაიყვანა პრემიერ-მინისტრად. სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი იმ სისტემების კონტროლს ჩამოაშორა, სადაც მას ფესვები ჰქონდა გადგმული.
როგორც ვიცი, სააკაშვილს ქვეყნის გარედან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილი ძალიან ცუდ თამაშს თამაშობდა. თუ ვანო მერაბიშვილს ეს პირადად არ გაუკეთებია, ამის შესახებ, მინიმუმ, ინფორმაცია ხომ უნდა ჰქონოდა, რომ მსგავსი კინოსტუდიები იყო ციხეებში მოწყობილი და მიმდინარეობდა პატიმრების წამების საშინელების გადაღება. და თუ ინფორმაცია ჰქონდა, რა გააკეთა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო? და თუ არ ჰქონდა ინფორმაცია, მაშინ ვანო როგორი ხერხემალი იყო? როგორც კი პრეზიდენტისთვის ცნობილი გახდა, რომ ვანო მერაბიშვილი ცუდ თამაშს თამაშობს, ის ძალოვან უწყებას ჩამოაშორა და ახალაიები გააძლიერა. ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილს პარტიის შიგნით ისეთივე გავლენა აქვს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ნებისმიერ ერთ-ერთ ლიდერს. გარეთ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ ჩანს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისთვის უპირობო ლიდერი კვლავ მიხეილ სააკაშვილია, მაგრამ პარტიის შიგნით მიხეილ სააკაშვილს ყოველდღიურად აჩვენებენ, რომ ის აღარაფერს წარმოადგენს და ვეღარაფერს წყვეტს. ამიტომ, ვფიქრობ, სააკაშვილმა უნდა მიიღოს რადიკალური გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებიდან გამომდინარე და ვანო მერაბიშვილი პარტიის გენერალურ მდივნობას ჩამოაშოროს.
ასე რომ, ეს სკანდალი კიდევ გაგრძელდება. ლადო ბედუკაძე აცხადებს, რომ არანაირი შეხება მერაბიშვილთან არ ჰქონია, გელბახიანს ურჩევს, ამ ისტორიაში არ ჩაერიოს, კილაძისგან კი მტკიცებულებების წარმოდგენას ელოდება:
– ბატონო გელბახიანო… არ გირჩევთ ამ აბდაუბდაში გახვევას… თუ ქ-ნი კილაძე ამ და სხვა სიზმრად ნანახ ამბებს სათანადო წესით ვერ დაამტკიცებს, როგორც იურისტს, შედეგები გეცოდინებათ ჩემზე კარგად იქნებოდეს იქნება.

წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები