სერბეთის პრეზიდენტი: პუტინს კარგად ვიცნობ, კატასტროფა ახლოვდება
სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა რუსეთის მიერ უკრაინაზე ახალი ტიპის რაკეტით თავდასხმის შესახებ ცნობების ფონზე განაცხადა, რომ კატასტროფა ახლოვდება და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„კარგად ვიცნობ პუტინს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეუძლია ისროლოს ყველაფერი, რაც თავში აზრად მოუვა და უპასუხოდ დარჩება, მაშინ ის ან არ იცნობს პუტინს, ან გიჟია“, – აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მსოფლიო კატასტროფისკენ მიდის.
„მე ვიცი, არა, ხალხო, მოუსმინეთ რას გეუბნებათ ის [პუტინი]“, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
შეგახსენებთ, რომ საჰაერო ძალების ცნობით, ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმის დროს რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა.