ბითაძე – საპროტესტო ტალღაზე: პროცესების ამგვარ რეჟიმში განვითარებაზე ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვსაუბრობდით
მმართველი გუნდის წევრმა, მაია ბითაძემ ქვეყანაში არსებულ საპროტესტო ტალღაზე “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები მოსალოდნელი იყო.
“პროცესების ამგვარ რეჟიმში განვითარებაზე ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვსაუბრობდით, რომ ეს გაკოტრებული რადიკალური პოლიტიკური ძალა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხად დანაწევრებული ფლანგი წარმოადგენს, ატყუებდნენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ გაიმარჯვებდნენ არჩევნებში, კვლევებით იცოდნენ იმ შედეგების შესახებ, რაც არჩევნების შედეგად დადგებოდა. ისინი ემზადებოდნენ არჩევნების მეორე და შემდგომი დღეებისთვის.
თუ გავიხსენებთ მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშს, შეგვიძლია ამოვიკითხოთ ის ქმედებები, რასაც დღეს რადიკალების მხრიდან ვხედავთ. მათ შორის იმ დესტრუქციული მხარდაჭერით, რომელიც ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფოს ზოგიერთი წარმომადგენლისგან მოდის, რომლებიც აქეზებენ რადიკალებს ამ დესტრუქციული ქმედებებისკენ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.