ირაკლი ღარიბაშვილი: ვაზი და ღვინო ქართველობის იდენტობის ტოლფასია
ვაზი და ღვინო ქართველობის იდენტობის ტოლფასია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალავერდში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას ღვინის ეროვნული დღე მიულოცა და საქართველოსთვის ვაზის და ღვინის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აშენდება ღვინის მუზეუმი, რომელშიც თავმოყრილი იქნება ქართული ღვინის მთელი ისტორია.
„დღევანდელი ღონისძიება საფუძველს უყრის ახალ ტრადიციას, ახალ თარიღს – მთავრობის ინიციატივით, ჩვენ დავაწესეთ ღვინის ეროვნული დღე, რომელსაც დღეს პირველად აღვნიშნავთ. იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს დღე ტრადიციად დამკვიდრდება და ნამდვილ ეროვნულ დღესასწაულად იქცევა.
ამ დღის დაწესება გადაგვაწყვეტინა ღვინის კულტურის უძველესმა და უნიკალურმა ისტორიამ. ქართველი კაცისთვის, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ვაზი და ღვინო ქართველობის იდენტობის ტოლფასია. ქართული მეღვინეობის ისტორია ქართველი ხალხის ისტორიასთან არის გადაჯაჭვული. უკვე ათეული წლებია ყველასათვის ცნობილია, რომ სწორედ საქართველოშია კულტურული მევენახეობის უძველესი ნაკვალევი.
ვაზის უსაზღვრო სიყვარული და ერთგულება მართლაც უნიკალურია ჩვენს ქვეყანაში. ვენახი ჩვენი სულიერი სიმტკიცის წყაროა. სწორედ ამ შეგნებით უვლის და იცავს ქართველი კაცი ვაზს. ეს რომ არა, ძნელი წარმოსადგენია, ამ პატარა მიწაზე ვაზის კულტურის ხუთასზე მეტი სხვადასხვა სახეობა, სხვადასხვა ჯიში არსებობდეს.
ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველებმა ცივილიზაციას შემოუნახეს საუცხოო ღვინის დაყენების უნიკალური, ათასწლოვანი ტექნოლოგია.
სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ავაშენოთ ღვინის მუზეუმი – ერთგვარი ცენტრი, რომელშიც თავმოყრილი იქნება ქართული ღვინის მთელი ისტორია. მუზეუმის შექმნა მიმდინარეობს გეგმის მიხედვით – მუზეუმის განვითარების ფონდი მზად არის სარეგისტრაციოდ, უკვე შექმნილია სამეთვალყურეო საბჭო. გაიმართა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა მსოფლიოში ცნობილ სპეციალისტებთან და არქიტექტორებთან. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ექნება ისეთი მუზეუმი, რომელსაც არ მოაკლდება არც ქართველი და არც უცხოელი მნახველი“, – აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ქართული წესით დაყენებული ღვინო მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს ანცვიფრებს. პრემიერის თქმით, ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის პოპულარიზაციისათვის და ხელს უწყობს ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციას.
„ქართული ტრადიციული წესით ქვევრში დაყენებული ღვინო ანცვიფრებს მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს და სულ უფრო პოპულარული ხდება ღვინის მოყვარულთა შორის. შემთხვევითი არ არის, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ეს მიუთითებს ამ მეთოდის უნიკალურობაზე და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.
ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის პოპულარიზაციისათვის და ხელს უწყობს ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ჩვენ სწორედ ახლა გვეძლევა საშუალება ახლებურად წარმოვაჩინოთ და საკადრისი ადგილი დავუმკვიდროთ ქართულ ღვინოს მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების გვერდით, და მჯერა, იგი მსოფლიოში ყველაზე აღიარებულ ღვინოებსაც კი გაუწევს კონკურენციას და მსოფლიო ღვინის ბაზარზე ერთ-ერთ საპატიო ადგილს დაიკავებს. ჩვენი ღვინო ჩვენი ქვეყნის საიმიჯო პროდუქტი გახდება და თითოეული ქართველი იამაყებს ამით.
ქართული ღვინო სრულიად დამსახურებულად იკავებს თავის ადგილს მსოფლიოში და ამის დასტურია ის, რომ საქართველო ერთი წლით (2014 – 2015წ.) ღვინის ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და 2014 წლის 25-27 აგვისტოს წლიურ კონგრესსაც უმასპინძლა.
როგორც კახელ კაცს, განსაკუთრებით მიხარია, რომ ქართული ღვინის პირველ ეროვნულ დღესასწაულს თბილისთან ერთად სწორედ კახეთი მასპინძლობს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ღვინის ეროვნული დღე საქართველოს ყველა კუთხის ღვინოს წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, რომ ღვინის ეროვნული დღის გეოგრაფია უფრო გაფართოვდება და მომავალში ამ დღეს მეღვინეობის სხვა რეგიონებშიც აღვნიშნავთ“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიების ეპიცენტრი ალავერდობის კვირას სწორედ ალავერდის მონასტერშია, რადგან ეკლესიამ შემოუნახა და თანამედროვეობას გადმოსცა ქვევრში ღვინის დაყენების მრავალათასწლიანი ქართული ტრადიცია.
„სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიების ეპიცენტრი ალავერდობის კვირას სწორედ ალავერდის მონასტერშია, რადგან ეკლესიამ შემოუნახა და თანამედროვეობას გადმოსცა ქვევრში ღვინის დაყენების მრავალათასწლიანი ქართული ტრადიცია.
მეგობრებო, წელს ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება წარმატებული რთველის ფონზე, რომელიც კახეთში უკვე დასკვნით ფაზაშია. დღევანდელი მონაცემებით, კახეთში უკვე გადამუშავებულია 115 000 ტონამდე ყურძენი. ყურძნის ჩაბარების შედეგად მევენახეების მიერ მიღებულმა შემოსავალმა მხოლოდ კახეთში 154 მილიონი ლარი შეადგინა“, – განაცხადა პრემიერმა.
დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი მონაცემები გაცილებით მეტია შარშანდელზე, რომელიც რეკორდული იყო ბოლო ოცი წლის განმავლობაში.
ამ დღეებში რაჭაშიც დაიწყება რთველი. აქაც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს საგანგებოდ შექმნილი რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ყურძნის შეუფერხებლად ჩაბარებას და იმედი მაქვს, რაჭველებიც ძალიან კმაყოფილი იქნებიან წლევანდელი რთველით.
აი ასეთი დიდი ოპტიმიზმით, კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ღვინის ეროვნულ დღეს.