“მიხაილ როთის ჩამოსვლას აქვს გათვლები, თუმცა, ერთია მათი გათვლა და მეორეა, რეალურად რას გამოიწვევს” – პეტრე მამრაძე
“მიხაილ როთის ჩამოსვლას აქვს გათვლები, თუმცა, ერთია მათი გათვლა და მეორეა, რეალურად რას გამოიწვევს”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
მე მინდა, იცოდეთ, რომ ეს იდება გერმანიის ელჩის დავალებით. ცხადია, განიცდიან საელჩოს თანამშრომლები, რომ არაადეკვატური ადამიანი პირველად არის [ელჩი]. 16 ელჩი ჰყავდა გერმანიას საქართველოში. ბევრს ვიცნობდი და ვმეგობრობდი. პირველად არის ასეთი მოვლენა.
გრძელდება ის, რაც მე გავახმოვანე თავის დროზე – ჯერ „ჯორჯ მარშალის ფონდის“ პროგრამა და „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში და პროგრამა სამოქმედო. რატომღაც ორივე პროგრამის მთავარი ხელმომწერი არის ქალბატონი ლორა თორნტონი, რომელიც იყო „ენდიანის“ ხელმძღვანელი საქართველოში და ცნობილი იყო ჩახუტებით ანტიეროვნულ ძალებთან, ანუ სააკაშვილის გუნდთან და ა.შ.
ყველა ანგარიშში არის აღნიშნული, რომ „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს, რადგან 80% მას ხმას არ მისცემს, „ამიტომ თუ „ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ მიიღო ნახევარზე მეტი, ეს ნიშნავს, რომ არჩევნები გაყალბებულია“. და შემდეგ არის გამაოგნებელი ფრაზა „იმ შემთხვევაში, თუ ოცნება მაინც დააგროვებს ხმების 50%-ზე მეტს, ან თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობას, რაც შეიძლება მოხდეს“, ამ შემთხვევაშიც ამ გეგმით, რომ ევროპასა და დასავლეთში ყველა ლიდერმა მაშინვე უნდა გამოაცხადოს, რომ ეს არის გაყალბებული, მითვისებული ხელისუფლება და მოპარული არჩევნები.
ეს ყველაფერი ჩაფლავდა, როგორც კრახი. ჩაიშალა, მაგრამ გეგმის ნაწილი გრძელდება. შედეგები შეიძლება იყოს მოკლე და გრძელვადიანი. ალბათ, ნახეთ შარლ მიშელის უპრეცედენტო გამოსვლა სამიოდე კვირის წინ. თუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასეთ რაღაცას იტყოდა, ამას არავინ ელოდა. შევახსენებ ყველას, რომ ევროპული საბჭო არის ინსტიტუტი, სადაც შედის 27-ვე ქვეყნის პირველი აღმასრულებელი პირი. შარლ მიშელმა თქვა, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებს გამუდმებით ჭკუას ვასწავლით, როგორც მასწავლებელი მოწაფეებს, ყვითელ და წითელ ბარათებს ვურიგებთ. და შემდეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა – „არა და ამის უფლება არ გვაქვს, ჩვენ ხომ იმავე მოედანზე ვთამაშობთ, სადაც ჩვენი პარტნიორები“. შემდეგ ის ამბობს, რომ უნდა შეწყვიტონ ეს ჭკუის დარიგება”, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.