“ვერანაირი უცხოური დაკვეთა, ვერანაირი უცხოელი პოლიტიკოსი ჩვენს შიდა პროცესებში ვერ ჩაერევა” – გიორგი გამსახურდია
“ვერანაირი უცხოური დაკვეთა, ვერანაირი უცხოელი პოლიტიკოსი ჩვენს შიდა პროცესებში ვერ ჩაერევა”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების გაყალბების იმიტაცია ოპოზიციამ მოიგონა.
„არჩევნების გაყალბების იმიტაცია თვითონ მოიგონეს, დადგეს ახლა ეს სცენარი, როდესაც მარცხი განიცადეს და ქართველმა ხალხმა კვლავ ძალაუფლების მანდატი „ქართულ ოცნებას“ მიანიჭა. მარცხის შემდგომ ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენჯერმე სცადეს გარკვეული მუხტის აწევა, ხალხის ე.წ. პროტესტი, რაც არ გამოუვიდათ. შემდეგ, როგორც მათ საუკეთესო მაბეზღარა ტრადიციებშია, წავიდნენ თავიანთ ლობისტებთან. კიდევ ერთხელ მინდა გავმიჯნო მკაცრად, რომ რამდენიმე პოლიტიკოსი, ხელმოცარული, თან უკვე მილევად რეჟიმში მყოფი ევროპელი პოლიტიკოსი არ წარმოადგენს ევროპელი ხალხის ნებას და უმრავლესობის ნებას. ამას ვიძახდი კიდეც ამერიკის პრეზიდენტის არჩევნების წინ, არ ვახდენდი ადამიანების პერსონიფიცირებას, ვსაუბრობდი რომ ერთი ადმინისტრაციის სახელით ვერ ისაუბრებს მთლიანად ამერიკელი ერი. ამერიკელმა ერმაც გააკეთა არჩევანი და აირჩია ის ღირსეული ადამიანი, ვინც აირჩია.
შესაბამისად, არ მინდა, რომ უცხოეთიდან ზეწოლა დავარქვა ამას. ეს ხალხი მილევად რეჟიმშია იქ და გაიქცნენ დასაბეზღებლად. წაიღეს გაურკვეველი კონტენტის ინფორმაციები, რომელსაც ვერანაირად ამყარებენ. ჩვენ შევთავაზეთ პროკურატურის ოფისის პლატფორმა, რომ გვეწარმოებინა მათ მიერ მოგონილ ინფორმაციებზე ჯეროვანი გამოძიება. ერთი მეორეს მიყოლებით უარი თქვეს ამ პლატფორმაზე. მაგისტრი მოსამართლე მოითხოვეს. ალბათ, შემდეგში უკვე გვარებსაც მოგვაწვდიან რომელი მოსამართლეები აწყობთ და აი, ეს არის მათი არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ცხოვრება.
ვერანაირი უცხოური დაკვეთა, ვერანაირი უცხოელი პოლიტიკოსი ჩვენს შიდა პროცესებში ვერ ჩაერევა. ჩვენ საკმაოდ გამართული სამართლებრივი ინსტიტუტები გაგვაჩნია, სახელმწიფო ინსტიტუტები გაგვაჩნია. გავუმკლავდებით და რა თქმა უნდა, ჩართულობა და ნებისმიერი ინფორმაციის გაზიარება ჩვენი მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება. ჩვენ ვნახეთ, რომ თვითონ საარჩევნო პროცესმა არანაირი კითხვის ნიშანი არ დატოვა. რაიმე სერიოზული რომ ჰქონოდათ, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, აქამდე დარწმუნებული იყავით, რომ თუ ამ ზღაპრებს ჰყვებიან, ამას თითზე დაიხვევდნენ და ეს გამოვრიცხოთ. ამიტომ, დღევანდელ თქვენს გადაცემაში ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ეს ვაჟბატონი მოვა გონს და დაუბრუნდება საპარლამენტო ტრიბუნას, შეეცდება ცივილური ფორმებით ჩვენს ოპონირებას“, – აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ