ოპოზიციური პარტიები თბილისში აქცია-მსვლელობას მართავენ
„არა რუსულ არჩევნებს“ – ამ მოწოდებით ოპოზიციური პარტიები აქცია-მსვლელობას მართავენ. აქცია-მსვლელობა მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მარჯანიშვილიდან დაიწყო. ისინი ამ ფორმით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.
“ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ახალი არჩევნები აუცილებლად იქნება მიღწეული.
“პროტესტი ყოველდღიურად ღვივდება. ყველა ხვდება, რომ ეს პარლამენტი და ხელისუფლება არალეგიტიმურია. ყველა ხვდება, რომ ისინი იზოლაციაში არიან. აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს”,- აცხადებს ხაზარაძე.
მსვლელობის მონაწილეების თქმით, მათი მიზანია საერთაშორისო პარტნიორებს დაანახვონ სად დგას ქართული საზოგადოება.
ადგილზე აქციის მონაწილეებს აქვთ ბანერი – „გაიღვიძე საქართველო“, ასევე საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშები.