მამა შალვა: მრევლს მოვუწოდე ხმა არ მისცენ იმ პარტიებს, რომლებიც არიან ეკლესიის, პატრიარქის მაგინებლები და ლგბტ პროპაგანდაში პრობლემას ვერ ხედავენ

მე არ მინდა, ჩემს ქვეყანაშიც ასე მოხდეს და მარტივად ვუყუროთ ლგბტ პროპაგანდას, – ამის შესახებ დეკანოზმა შალვამ (კეკელია) გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

დეკანოზმა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბერძნეთმა, რომელსაც ათონის მთა აქვს, უდიდესი წმინდა მამები ჰყავს და მართლმადიდებლობის ბურჯია, ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. მისივე თქმით, მას არ სურს, იგივე საქართველოში იხილოს.

„მე არ მინდა ჩემს ქვეყანაშიც ასე მოხდეს და მარტივად ვუყუროთ ლგბტ პროპაგანდას. ჩემს მრევლს გუშინ მოვუწოდე კიდევაც, რადგანაც მრევლი აზრს მეკითხებოდა, რომ ადამიანებმა არჩევანი თვითონ უნდა გააკეთონ, რადგან ამ არჩევნებში არასრულწლოვანები მონაწილეობას არ იღებენ – ყველა სრულწლოვანი ადამიანი იღებს მონაწილეობას. ამიტომ ჩვენ უფლება არ გვაქვს, ვინმეს არჩევანში ჩავერიოთ. მე უბრალოდ, ერთადერთი რამ ვუთხარი მათ, რომ ყველა ადამიანი, ვინც არჩევანს გააკეთებს, ის თავის არჩევანზეა პასუხისმგებელი. მე მათ ვუთხარი, რომ ადამიანები, რომლებიც არიან შენი ეკლესიის მაგინებლები, შენი პატრიარქის მაგინებლები, რომელთათვისაც არაფერს ნიშნავს ლგბტ პროპაგანდა და მიაჩნია, რომ არაფერია, ასე რომ იყოს და შემდეგ, თუ ისინი გაიმარჯვებენ, ღმერთმა დაგვიფაროს, ისინი შემდეგ ამ კანონს მიიღებენ, ერთნაირსქესიანთა ქორწინებასაც მიიღებენ. ჩვენ ვხედავთ, სხვადასხვა ქვეყანაში რა ხდება, თუნდაც უკრაინაში რა ხდება კანონთან დაკავშირებით, თუნდაც, მოლდავეთში. ზუსტად ერთი თვის წინ, მოლდავეთის ეპისკოპოსი დააჯარიმეს იმის გამო, რომ სატელევიზიო ეთერში თქვა, რომ ლგბტ პროპაგანდა არის მძიმე ცოდვა და 2 ათასი ევროთი დააჯარიმეს, რომ მას არ ჰქონდა უფლება, საზოგადოებრივ არხზე ასეთი რამ ეთქვა. მე არ მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში მსგავსი რამ მოხდეს ოდესმე. ამიტომ იმ პარტიებს, რომლებიც ამაში პრობლემას ვერ ხედავენ, მრევლს მოვუწოდე, რომ ხმა არ მისცენ. უნდა ჰკითხონ, როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ ხალხს“, – განაცხადა მამა შალვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები