სულ შეყვარებული ნანა მესხი, ანუ ხელებზე მიწერილი ავტოგრაფები
მის სიმღერებს ფორმალურად არ უწოდებენ ქალაქურს, მათ, მართლაც ,მთელი ქალაქი მღერის. მის მელოდიებს თბილისისთვის დამახასიათებელი შარმი და ეშხი აქვს. ისინი ერთი მოსმენით გამახსოვრებინებენ თავს, ისევე როგორც მათი შემქმნელი… ლამაზი, მომხიბლავი და თბილი ნანა მესხი – ,,პერსონაში“.
– ქალბატონო ნანა, შეიძლება, ითქვას, რომ თქვენ ერთ–ერთი იმ კომპოზიტორთაგანი ხართ, ვის სიმღერებსაც ყველაზე ხშირად ასრულებენ ეთერში თუ ეთერს მიღმა…
– ჩემი სიმღერები ბევრად უფრო მოთხოვნადი და პოპულარულია, ვიდრე მათი ავტორი, ანუ მე… ჩემთვის ეს დიდი ბედნიერება და პასუხისმგებლობაა. ხშირად უკვირთ, როცა იგებენ, რომ მე ვარ ამა თუ იმ სიმღერის ავტორი და ეს უფრო მახარებს, ვიდრე ჩემი ცნობადობის ამბავი. პირველ რიგში, ეს იმ შემსრულებლებისა და მსმენელების დამსახურებაა, ვისთვისაც სიმღერებს ვწერ. ამისთვის მათ უღრმესი მადლობა უნდა გადავუხადო.
– დღეს შემოქმედებით ზენიტში ხართ, წარმატების მიზეზად რას მიიჩნევთ?
– ამის მიზეზი ალბათ ოჯახური ტრადიციაა. ჩემს ოჯახში სულ ისმოდა ტკბილხმიანი სიმღერები. ჩემი მუსიკალური ნიჭი გენეტიკურია, რადგან დედა, ლუიზა ფრანგიშვილი, არაჩვეულებრივად მღეროდა და ფორტეპიანოზეც უკრავდა. სწორედ მისი და ოჯახის დამსახურებაა, რომ ჩვენი კლასიკოსების ჩანაწერები და მათი უნიკალური, ხარისხიანი მუსიკა ბავშვობიდან მესმოდა. ბაბუა, ვასილ ფრანგიშვილი, არაერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავდა და საოცარი ბარიტონი ჰქონდა. ასე რომ, ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ შეუძლებელია, იმ საქმისადმი, რასაც აკეთებ, პასუხისმგებლობა და მოწიწება არ მქონდეს. თუკი ჩემი სიმღერები მსმენელებს მოსწონთ, ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ავტორისთვის,- ეს დიდი ფუფუნებაა. მადლობა მათ ამ სიყვარულისთვის.
– როგორ წერთ სიმღერებს, რაიმე განსაკუთრებული გარემო ხომ არ გჭირდებათ საამისოდ?
– სიმღერის დასაწერად არანაირი ინსპირაცია, სპეციალური ხელშეწყობა ან გარემო არ მჭირდება. როცა სურვილი მიჩნდება და მუზა მოდის, სიმღერა 15 წუთშიც კი დამიწერია და ამ დროს ძალიან ბედნიერი ვარ.
– თქვენ ხშირად ატარებთ კონცერტებს, მათ შორის, საქველმოქმედოს, ბოლოს ქალთა კოლონიაში ჩაატარეთ.
– რაც შეეხება საქველმოქმედო კონცერტებს, ამას სიამოვნებით ვაკეთებ. ქალთა მე-5 კოლონიაშიც დიდი მღელვარებით ჩავატარე პატარა საღამო, რაშიც ჩემი ერთგული მეგობრები: დათო არჩვაძე, თეატრალურის კვარტეტი, ლელა გოლიაძე და ანსამბლი ,,თეატრონი“ დამეხმარნენ. იმ ქალბატონების ბედნიერი და აცრემლებული თვალები დღემდე მათბობს. მახსოვს, საოცრად ვღელავდი და ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ჩემი სიმღერები ამ ადამიანებზე ასე მოქმედებდა… ვიცი, რა დიდი ტკივილი და აუტანელი მარტოობის განცდაა თითოეულ მათგანში და მინდოდა, ერთი დღით მაინც შემემსუბუქებინა მათთვის ცხოვრება. მათ საკუთარი ხელით დამზადებული ბევრი სუვენირი მაჩუქეს და თავისი ყურადღებით ძალიან გამახარეს. ეს საღამო ჩემი და ჩემი მოკრძალებული შემოქმედების ყველაზე უტყუარი აღიარება იყო და ამისთვის გულწრფელი მადლობა მინდა, მათ გადავუხადო…
– სიმღერებს, ძირითადად, სიყვარულზე წერთ, როგორია ლამაზი შეყვარებული კომპოზიტორი?
– ამ კითხვაზე მოკლედ და სავსებით გულახდილად გაგცემთ პასუხს: ნანა მესხი სულ შეყვარებულია, რადგან იყო შეყვარებული,- ეს ჩემთვის ბუნებრივი მდგომარეობაა და ამ გრძნობის დახმარებით არა ერთი მკაცრი ცხოვრებისეული გამოცდა ჩავაბარე. მე თვით სიყვარულზე ვარ შეყვარებული და თქვენც ამასვე გისურვებთ! ამ ქვეყნად ყოფნა მხოლოდ ამ გრძნობის გამო ღირს… ერთხელ მითხრეს, რომ ჩემი სიმღერებით თურმე წყვილები ერთმანეთს სიყვარულს უხსნიან, არის ამაზე დიდი შეფასება შემოქმედისთვის?
– თქვენი აზრით, ყველაზე ხშირად თქვენი რომელი სიმღერა შესრულდა?
– ამ მხრივ რეკორდი ჩემმა სიმღერამ – “დავდივარ და დაგეძებ” რეკორდი მოხსნა. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ჩვენი ემიგრანტები ამ და სხვა სიმღერებსაც ხშირად ასრულებენ. ახლა საქართველოდან მადლობა მინდა, ვუთხრა მათ ამ სიყვარულისთვის!
– ქალბატონო ნანა, თქვენ ამ ბოლო დროს, როგორც გარკვეული ბრენდების წარსადგენ ღონისძიებებზე მიწვეულ მოდელადაც გაგიცნეს, ეს როლიც არანაკლებ წარმატებით მოირგეთ.
– საერთოდ, ჩემს “მოდელობაზე” ბევრს ვიცინი. ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი და რეალიზატორი დიზაინერი და ძალიან კარგი ადამიანი ლიკა ყაზბეგია. იგი რამდენიმე წლის წინ დამიკავშირდა და მთხოვა, მის ერთ პროექტში მონაწილეობა მიმეღო. მეც ლიკას ვენდე და დავთანხმდი, თორემ პოდიუმზე გამოსვლა ძალიან მერიდებოდა. თურმე პოდიუმს საოცარი ხიბლი ჰქონია. იმის განცდა გიჩნდება, რომ დედოფალი ხარ და დროებით ზღაპრულ სამყაროში გადადიხარ. ეს ხომ ყველა ქალის ოცნებაა… მე ამ სამყაროში არა ერთხელ ვიმოგზაურე. სულ ბოლოს უნიჭიერესი დიზაინერის მანანა მანიას 2 ჩვენებაშიც მივიღე მონაწილეობა. ერთი ამ ჩვენებათაგანი ქართული ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიაზე შედგა და ძალიან ვისიამოვნე. რადგან არაჩვეულებრივი კაბები მეცვა და ბედნიერები ვიყავით მეც, სხვა მონაწილეებიც, რომლებიც ყველასათვის ცნობილი წარმატებული ქალბატონები არიან. ამ ჩვენებებმა ბევრი ახალი და ერთგული მეგობარი შემძინა.
– ეთანხმებით აზრს, რომ ადამიანს მხოლოდ 2 ან 3 ნამდვილი მეგობარი შეიძლება ჰყავდეს?
– რაც შეეხება, მეგობრებს, ძალიან გათამამებული ვარ და მართლა ძალიან მიკვირს, როცა ამბობენ, რომ ადამიანს მხოლოდ 2-3 ნამდვილი მეგობარი შეიძლება, ჰყავდესო. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვეთანმები, რადგან ღმერთმა მათი, ბევრი მეგობრის ერთგულება და სიყვარული მაჩუქა. რაც შეეხება ჭორებს, ნაკლებად მაღელვებს და აბსურდულ ჭორებზე არასოდეს ვრეაგირებ. ერთხელ ჩემს უახლოეს და დღეს პოპულარულ მეგობართან რომანზე გაავრცელეს ჭორი, რაზეც ორივემ ვიცინეთ..
– რომ არა მუსიკა, რომელ სფეროში იქნებოდით წარმატებული? – არ ვიცი ამ სფეროში რამდენად პოპულარული ვიქნებოდი, მაგრამ ჩემი საოცნებო პროფესიაა დიპლომატობა, სხვათა შორის, ძალიან მაინტერესებს პოლიტიკა… ჩემი ჰობი კი,- იარაღით სროლა, მანქანის მართვა და მოგზაურობაა..
– კითხვა, რომელიც გსურთ, რომ დაგისვან და რაზეც პასუხი ჯერ არ გაგიცია, რომელია?
– ასეთია კითხვა: ვინ განსაზღვრა თქვენი ცხოვრების გზა და მთელი ცხოვრება გვერდით ვინ გედგათ და გაძლიერებდათ? ჩემი პასუხია: დედა, რომელიც, საწუხაროდ, აღარ მყავს… თუმცა, ვგრძნობ, რომ დღესაც მაძლიერებს…
– თქვენი სიმღერით მომღერლები პოპულარულები გახდნენ… თუ გყავთ საყვარელი შემსრულებლები?
– რა თქმა უნდა, მყავს, ასეთები არიან მომღერლები: დათო არჩვაძე, ლაშა ღლონტი, თემურ წიკლაური, დათო ოტიაშვილი, ანსამბლები: “ქართული ხმები“, ,,თეატრონი“, თეატრალურის კვარტეტი, თბილისური კვარტეტი, კვარტეტი ,,ჰანგები“, ჯგუფი ,,ეგარი“ და უამრავი სხვა…
– როგორია ბედნიერების თქვენებური ფორმულა?
– ბედნიერების ჩემებური ფორმულა მარტივია: ყველასი და ყველაფრის სიყვარული!..ძალიან მიყვარს ადამიანი! მიხარია სხვისი ბედნიერება და წარმატება! მიყვარს ყველაფერი სასიკეთო და ნამდვილი, სამშობლო მიყვარს… ამდენი ადამიანის სიყვარულით როგორ შეიძლება, რომ ბედნიერი არ იყო?
თეონა გოგნიაშვილი