ლესია უკრაინკას სახელობის მუზეუმ-ბიბლიოთეკის რეკონსტრუქცია დასკვნით ეტაპზეა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დაბა სურამში ლესია უკრაინკას სახელობის მუზეუმ-ბიბლიოთეკის ბოლო ეტაპის სარესტავრაციო სამუშაოები მთავრდება.
ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითვე, არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ზედამხედველობით, ამ დროისათვის სარდაფში სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს; მთავრდება მუზეუმ-ბიბლიოთეკის ტერიტორიის კეთილმოწყობა.
„რეაბილიტაციის გეგმით უკვე შესრულებულია შემდეგი სამუშაოები: ქანობიანი და ბრტყელი სახურავის მოწყობა; სართულშუა გადახურვის მოწყობა; შიდა და გარე კედლების ამოყვანა; კარ-ფანჯრების მონტაჟი; საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობა და ღობის შეღებვა.
ლესია უკრაინკას სახელობის მუზეუმ-ბიბლიოთეკას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2019 წელს მიენიჭა და ვინაიდან შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, იმავე წელს შესყიდული იქნა ძეგლის რეკონსტრუქციის პროექტი. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ შენობის შენარჩუნება შეუძლებელი იყო და ძეგლი უნდა დაშლილიყო აღდგენის მეთოდით.ძეგლის რეკონსტრუქცია 2020 წლიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე, 2020 წელს, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით შენობა სრულად დაიშალა და ახალი შენობის საძირკვლის ქვაბული მომზადდა. მეორე ეტაპის სამუშაოები – საძირკვლისა და სარდაფის კედლების ამოყვანა, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმავე წელს შპს „,ჯ.ს.ბ. საქართველომ“ შეასრულა.
მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ სამუშაოები კვლავ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გადმოიბარა. სამუშაოების მესამე ეტაპზე, 2021 წელს, სააგენტოს დაფინანსებით გაკეთდა რკინა-ბეტონის კარკასი და დამზადდა გადახურვის ფილები. 2022 წელს, მეოთხე ეტაპის სამუშაოების შესრულების მიზნით, შემსრულებელი კომპანიის – შპს „,ჯ.ს.ბ. საქართველოს“ მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო დადებული ხელშეკრულება სააგენტოს მხრიდან ცალმხრივად შეწყდა, რის შემდეგაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წელს ხელახლა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი და მასში გამარჯვებული კომპანია შპს „მშენებელი“ ამჟამად ასრულებს ბოლო ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს.
სააგენტოს მიერ ძეგლის რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილია 1 969 425 ლარი.
ცნობილი უკრაინელი პოეტისა და მწერლის – ლესია უკრაინკას (ლარისა კოსაჩი) სახელობის მუზეუმ-ბიბლიოთეკა 1952 წელს გაიხსნა. აქ დაცულია მწერლის შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები: პოეტის კრებულები, ხელნაწერები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკური, ფოტო- და ეთნოგრაფიული მასალა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები