ისრაელის პრემიერ-მინისტრის გაეროში გამოსვლას უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა, დელეგაციების ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლას დარბაზში დამსწრეების ნაწილი უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდა, ზოგიერთმა დელეგაციამ კი დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც სიტყვის დასაწყისში ნეთანიაჰუმ განაცხადა, ის არ აპირებდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას, რადგან მისი ქვეყანა ომის მდგომარეობაში იმყოფება და სიცოცხლისთვის იბრძვის. თუმცა, მისი თქმით, მან ნიუ-იორკში ჩასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან გაეროს ტრიბუნიდან მისი ქვეყნის შესახებ სიცრუეს და ცილისწამებას ავრცელებენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ირანში არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის „გრძელი ხელი“ ვერ მისწვდება და ეს ეხება მთელ ახლო აღმოსავლეთს.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ირანის აგრესიამ თითოეულ ქვეყანას და მთელ მსოფლიოს შეუქმნა საფრთხე.

„ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე ჩვენი მოქალაქეები საკუთარ სახლებში დაბრუნებას არ შეძლებენ. ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზე ტერორისტული არმიის არსებობას, რომელიც მზად არის 7 ოქტომბრის მსგავსი მორიგი ხოცვა-ჟლეტა ჩაიდინოს“, – თქვა ნეთანიაჰუმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები