„პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობით ძეგლი დაიკარგება და ვერაფერს მოვიგებთ“
„პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობით მოძრაობა არ განიტვირთება. შედეგად კი ძეგლს დავკარგავთ, ტურისტულ ადგილს მოვსპობთ და იქაურობა ჩვეულებრივი გახდება“, – აღნიშნული განცხადება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ვაჩეიშვილის თქმით, აღნიშნული ტერიტორია დღეს თბილისში ტურისტების მიზიდულობის ერთ-ერთი ადგილია. მაშინ, როცა ის თბილისის ნაწილი გახდა და უამრავი ხალხი სტუმრობს, ვაჩეიშვილი მის თავზე ესტაკადის მშენებლობას გაუმართლებლად მიიჩნევს.
„ეს ადგილი თბილისს მოერგო და მისი ნაწილი გახდა თანამედროვე დიზაინით, რომელიც ქალაქის ძველ ფენებს აჩენს. ისმის კითხვა – დავბრუნდეთ უკან და ისევ ესტაკადით დავფაროთ თუ როგორ მოვიქცეთ? თუ დავფარავთ, იქ არავინ ჩავა და არასდროს იქნება ტურისტული, თუ არ არის ღია, მიმზიდველი და მშვიდი.“ როგორც ვაჩეიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, ცალკე საკითხია, რომ ესტაკადა სატრანსპორტო მოძრაობას არ განმუხტავს და ძეგლიც დაიკარგება: „ეს ესტაკადა არ განმუხტავს და არ მოაგვარებს იქ მოძრაობას. მისი მშენებლობით პრობლემა არ მოიხსნება. ფულს დავხარჯავთ, ძეგლს არ დავინახავთ, ტურისტულ ადგილს მოვსპობთ და ჩვეულებრივს გავხდით იქაურობას. ამას დავამატებ ამირანაშვილის მუზეუმის მთავარი საგანძურის პრობლემასაც, რომელიც მეტი მოძრაობითა და ვიბრაციით რისკის ქვეშ აღმოჩნდება.“
როგორც ვაჩეიშვილმა აღნიშნა, კონკურსისთვის გამოყოფილი 140 000 ლარიც საკმაოდ საეჭვოა. მისი თქმით, ეს ძალიან დიდი თანხაა: „მიკვირს, ამხელა თანხა რატომ დასახელდა. ეს ის თანხაა, რომლითაც ძალიან დაწვრილებითი პროექტი კეთდება. არადა, როგორც აცხადებენ, ეს თანხა მხოლოდ კონცეფციისთვის გამოიყო, რაც ალოგიკურია. კონცეფციებს ამხელა თანხა არ სჭირდება – 2,3,5 000 ლარი საკმარისია. ეს 140 000 ლარი შეიძლება უბრალოდ დაიხარჯოს, რაღაც პროექტი დაიდოს, რომელიც შეიძლება არარეალური იყოს, ან ვარგოდეს და შედეგად კი ძეგლი წააგებს“. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი თბილისის საკრებულოს ბრალდებებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ ძეგლს ყოფილმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა საფრთხე იმით შეიქმნეს, რომ დააბეტონეს. ვაჩეიშვილის განმარტებით, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა კულტურის სამინისტროს ეკისრება.
„სულ მინდა ამაზა ხმამაღლა ვთქვა. იოლია, სხვას გადააბრალო. წინა ხელისუფლებას არაფერი დაუბეტონებია. ეს არის გურამ ოდიშარიას და მარინა მიზანდარის პერიოდი. კულტურის სამინისტროს არქიტექტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობას კანონი ავალდებულებს. იქ რამე თუ გაფუჭდა, პასუხისმგებლობა სწორედ მათ უნდა აიღონ, ვისაც ეს ეხებოდა. ეს მაშინდელი კულტურის სამინისტროს ცუდი მუშაობის შედეგია,“ – განაცხადა ვაჩეიშვილმა და აღნიშნა, რომ პუშკინის ქუჩის და მის მიმდებარედ კულტურული მიმართულება უნდა განვითარდეს – ნაკლები მანქანა, მეტი სანახაობა და მეტი ჰუმანიზმი იქაურობის მიმართ.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში პუშკინის ქუჩის გაგანიერება იგეგმება, სადაც ორმხრივი მოძრაობით ესტაკადა უნდა აშენდეს. წინასწარი მონაცემებით, პროექტი, სავარაუდოდ, 2 მლნ. ლარამდე დაჯდება.