გორდულაძე – ოპოზიციური პარტიების მიერ დაფინანსების მიღებაზე: არც გონიერება ეყოთ და ძალიანაც ტკბილად ჩაიჯიბეს ის თანხები
“ამ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვუწოდებთ და რომლებიც მხილებულები არიან პატრონების დავალებების შესრულებაში, საერთო მხოლოდ და მხოლოდ დავალების მიმცემი ჰყავთ და ერთიანდებიან დავალების შესრულების გარშემო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ეს ადამიანები ვერ იტანენ ერთმანეთს და ერთმანეთის მიმართ ზიზღი აქვთ.
“მათ ნაგინები, ნალანძღი და მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფაც კი აქვთ ერთმანეთზე მიყენებული.
ნიკა გვარამიას ეყო გონიერება, გაცილებით უფრო ცბიერი ადამიანია და მათ შორის ერკვევა საკანონმდებლო რეგულაციებშიც. და წინასწარ, თავის დაზღვევის მიზნით, ისევ და ისევ იმიტომ, რომ თავიანთი მოქმედებით არ გამოსვლოდათ, არჩევნების შედეგების აღიარება წინასწარ თქვა უარი. ხოლო სხვა დანარჩენებს, ორი ვარიანტია – ან ეს ცბიერება არ ეყოთ ან უბრალოდ სულმა წასძლიათ და ძალიან ეტკბილათ ბიუჯეტიდან მიღებული თანხები. რეალურად, აქვს არსებობის უფლება იმ აზრს, რომ ორივე ერთად მოხდა. არც გონიერება ეყოთ და ძალიანაც ტკბილად ჩაიჯიბეს ის თანხები“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების შედეგების მიხედვით, პარტიების დაფინანსებას 6 პარტია მიიღებს: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. უარი მხოლოდ „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ პარტიამ განაცხადა.