უკრაინის საგარეო უწყება: საქართველოდან დროებითი რწმუნებულის გაწვევა მიზეზთა კომპლექსურობამ გამოიწვია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას მიერ საქართველოდან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მიხაილო ხარიშინის გაწვევა დაკავშირებულია რიგ კომპლექსურ მიზეზებთან, მათ შორის, ელჩების საქმიანობის გაძლიერების სურვილთან,- ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გეორგი ტიხიიმ ბრიფინგზე გააკეთა.
“არც სახელზე და არც რაღაც ნიუანსებზე არ არის საუბარი, არამედ საუბარია კომპლექსურ მიზეზებზე, რამაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი აიძულა, ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ელჩების საქმიანობის გაძლიერების კონტექსტში, მათი სამუშაოს, აქტიურობისა და მიღწეული შედეგების ანალიზისთვის”,- განაცხადა ტიხიიმ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დროებითი რწმუნებულის გაწვევის გადაწყვეტილების ინდივიდუალურ საკითხებთან დაკავშირებას არც თუ ისე კორექტული ქმედება უწოდა.
შეგახსენებთ, 9 სექტემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, მიხაილო ხარიშინი გაიწვია.
როგორც მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, საგარეო უწყებამ ომში მყოფი ქვეყნის რეალობას უნდა უპასუხოს. მისი განცხადებით, ომში მყოფი ქვეყნის ელჩები ვერ იქნებიან მოწყვეტილი ომის რეალობისგან.