აუხდება თუ არა ქართველ ჰომეოპათს ვანგას წინასწარმეტყველება?


წლების წინ ის ვანგასთან იყო მიღებაზე და იქიდან გაოგნებული გამოვიდა… ცნობილმა წინასწარმეტყველმა უთხრა, რომ მედიცინაში მომავალი ჰომეოპათიას ეკუთვნის, და რომ იგი ამ დარგში გადატრიალებას მოახდენს… ვანგასი სჯერა, საკუთარი თავის – კიდევ უფრო მეტად… თინათინ თოფურია თვლის, რომ ჰომეოპათიის შესაძლებლობები დღესაც არ არის ბოლომდე გახსნილი და მისი პოტენციალი ამოუწურავია…

– თქვენი ტიტულების და რეგალიების სია ისეთივე ვრცელია, როგორც შთამბეჭდავი… მხოლოდ რამდენიმეს ჩამოვთვლი: ჰომეოპატიის აკადემიის პრეზიდენტი, ევროკავშირის ექსპერტი, ეკოლოგიის აკადემიის წევრ – კორესპონდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი… როგორ დაიწყო ყველაფერი?
– რაც დავიბადე, სულ ექიმების გარემოში ვიყავი, დედის გარდა ყველა ექიმი მყავდა. ჩემთვის დაავადებების და წამლების თემები ისეთივე ბუნებრივი იყო, როგორც მუსიკოსების ოჯახში დაბადებული ბავშვისთვის მუსიკა. ვიცოდი, რომ ექიმი კარგია. ალბათ, ვთვლიდი, რომ ყველა ექიმი უნდა იყოს.
რაც შეეხება ჩემს პროფესიულ ბიოგრაფიას, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, მერე – ასპირანტურა მოსკოვში, ჰომეოპატიის ინსტიტუტი გერმანიაში და საბერძნეთში ჯორჯ ვიტულკასის საერთასორისო აკადემია, რომელსაც ჰომეოპატიის სორბონას უწოდებენ, რადგანაც მსოფლიოს წამყვანი ჰომეოპატები მისი მოწაფეები არიან. წელიწადში ერთხელ ვიკრიბებით მასთან და ეწყობა სემინარები. ეს ჯაზის ჯემსეისენებს გავს. ყველა რაღაც ძალიან საინტერესო შემთხვევებს იხსენებს თავისი პრაქტიკიდან – ნამდვილი დღესასწაულია. ჩემი ყველაზე დიდი წარმატებაც სწორედ ეს არის, რომ ამ თანავარსკვლავედის წევრი მეც ვარ. რამდენიმე ქვეყანაში მაქვს საავტორო კურსები. ჩატარებული მაქვს რამდენიმე მასობრივი აქცია ბუნებრივი კატასტროფების და ომების დროს დაზარალებულების სტრესიდან გამოსაყვანად. მათ შორის ყველაზე მასშტაბური იყო თბილისის მიწისძვრა, 18 ათას ადამიანს დავეხმარეთ.
ყველაზე ნიშანდობლივი ჩემს ისტორიაში, ალბათ, ისაა, რომ საბოლოოდ ისევ იმას მივუბრუნდი, რითაც დავიწყე – რაც თავი მახსოვს, ჰომეოპათიური ბურთულების გარდა ბავშვობაში არაფერს მასმევდნენ, ბებიაჩემი სხვა წამალს არ ცნობდა.
– მაშინაც პოპულარული იყო საქართველოში ჰომეოპათია?
– ბებია კიეველი იყო, გრაფის ქალიშვილი. მის ოჯახს  წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკუთარი ეკლესია ჰქონდა, რომელსაც იოანე კრონსტატელი პატრონობდა. ის კი ჰომეოპათიას ერთადერთ ჭეშმარიტ მედიცინად თვლიდა და მისი აპოლოგეტი იყო. ბებია ისეთი სუსტი ჯანმრთელობის ბავშვი ყოფილა, არავის ეგონა, რომ გაიზრდებოდა. იოანეს მისთვის ჰომეოპათიური მკურნალობა დაუნიშნავს, რომელმაც ისე გაამართლა, ბებიამ 97 წელი იცოცხლა. ბუნებრივია, რომ ბებიამ ყველა შვილი და შვილიშვილი ჰომეოპათიური წამლებით გაზარდა.
რა არის ჰომეოპათია, რაში მდგომარეობს ამ მეთოდის პრინციპი?10719254_10203045997417096_1143328500_n
– ეს არის კარგად აპრობირებული, ექსპერიმენტულად დამტკიცებული მწყობრი სამკურნალო სისტემა, რომელსაც თავისი განსაკუთრებული კანონები აქვს.
ჰომეოპათია არცთუ ისე ძველი მეთოდია, როგორც ეს ბევრს ჰგონია. ის სულ რაღაც 200 წლისაა და ჰყავს კონკრეტული ავტორი – გერმანელი ექიმი ფრიდრიხ სამუილ ჰანემანი. მან გააკეთა გასაოცარი აღმოჩენა, რომ ადამიანის მოსარჩენად სულაც არ არის საჭირო წამლის იმ რაოდენობით დანიშნვა, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება. თურმე განკურნებისათვის მისი უმცირესი დოზებიც საკმარისია. ეს ჰანემანმა და მისმა მოწაფეებმა ექსპერიმენტულად დაამტკიცეს. ამის შედეგად შეიქმნა სრულიად განსხვავებული თვისებების მქონე წამლების მთელი არსენალი და მკურნალობის ახალი, ყველაფრისაგან განსხვავებული მიმართულება -ჰომეოპათია, რომელსაც განსაკუთრებული მეთოდოლოგია და მკაცრი კანონები აქვს…
ჰომეოპათია ორიენტირებულია პაციენტის სრულ განკურნებაზე და არა მხოლოდ ცალკეული სიმპტომის შემსუბუქებაზე. ნებისმიერი დაავადება ფსიქოსომატურ ჭრილში განიხილება.
ადამიანი ღმერთის გასაოცარი ქმნილებაა, მე ვიტყოდი – შედევრი! ეს არის ურთულესი, მაღალდიფერენცირებული, ზემგრძნობიარე სისტემა, რომელსაც თვითრეგულაციის უდიდესი პოტენციალი გააჩნია. მოგეხსენებათ, რომ ფიზიკის ერთ-ერთი ფუნდამენტალური კანონის თანახმად (რომელიც სამყაროს მოწყობის მოდელზე ვრცელდება), ნებისმიერი ცოცხალი სისტემა, როდესაც მას საფრთხე ემუქრება, გადარჩენისთვის იწყებს ბრძოლას. იწყებს თვითრეგულაციის მექანიზმების ჩართვას, რათა აღიდგინოს და შეინარჩუნოს ბუნებრივი ჰომეოსტაზი და სიცოცხლე. ადამიანის ორგანიზმს კომპენსაციისა და თვითრეგულაციის გასაოცარი უნარი აქვს, რომლის მექანიზმები მხოლოდ ნაწილობრივაა შესწავლილი… ჰომეოპათიური მიკროდოზების მეშვეობით ხდება ზემოქმედება ამ უნაზეს სტრუქტურებზე და ამ მექანიზმების ამუშავება. ამიტომაც  გაკვირვებას და გარკვეულწილად სკეპსისს იწვევს ჰომეოპათიური მეთოდი, სადაც წამლის უმცირესი დოზით განკურნება მიიღწევა.
– ჩვენში ბევრი ჰომეოპათიას ხშირად ურევს ფიტოთერაპიაში. მოგვიყევით რა საერთო აქვთ და რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან?
– ფიტოთერაპიაში გამოიყენება მხოლოდ მცენარეები, ჰომეოპათიაში კი ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო არსებობს: მცენარეების, მინერალების, მეტალების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულისგან. მაგრამ ძირითადი განსხვავება უკვე მომზადებულ წამლებშია. ფიტოთერაპიაში იხმარება მცენარეები ნაყენების, ნახარშების, ან ფხვნილების სახით.მათ აქვთ სუნი, ფერი, გემო. ისინი გამოიყენება საკმაოდ დიდი დოზებით. ჰომეოპათიურ წამალს კი არ აქვს არც სუნი, არც ფერი, გემო. ეს არის გამჭირვალე სითხე, რომელშიც საწყისი ნივთიერების ისეთ მცირე დოზებია, რომ ხშირად მისი აღმოჩენაც კი ვერ ხერხდება.
ბოლო დროს ჰომეოპათიის პოპულარულობა საგრძნობლად გაიზარდა. მოსახლეობაში იმატა ამ მედიცინით მკურნალობის მსურველთა რიცხვმა. რა თქმა უნდა, უმალვე მომრავლდნენ თვითნასწავლი “ჰომეოპათები”, რომელნიც, როგორც წესი, ყველა ხერხს მიმართავენ პოპულარობის მისაღწევად და სრულიად არ ადარდებთ პაციენტის ბედი. ღმერთმა უწყის, რა “წამლებს” ასმევენ და ხშირად მის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. მათ ხელში ჩავარდნილი ადამიანები პრაქტიკულად მკურნალობის გარეშე რჩებიან და, გარდა ფულისა, ხშირად ძვირფას დროს კარგავენ.
ჩვენი მიზანია ავარიდოთ მოსახლეობა ამ ტიპის მკურნალებს. აფთიაქი, რომელიც ჩვენს ჰომეოპათიის აკადემიაში ფუნქციონირებს, ის ადგილია, სადაც პაციენტი გარანტირებულია, რომ წამალი ნამდვილად კარგია, ბუნებრივია, ეკოლოგიურად სუფთაა და პროფესიონალების მიერაა მომზადებული. თანაც, აქვე შეუძლია მიიღოს პროფესიონალური კონსულტაცია.
პირადად მე, ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები სულ რაღაცის სწავლაში მაქვს გატარებული. ვიცი უამრავი გასაოცარი რეცეპტი, გარდა ამისა, მაქვს ძალიან საინტერესო საგვარეულო რეცეპტები როგორც დედის, ასევე მამის წინაპრების მხრიდან. არ მინდა, რომ ეს ცოდნა დაიკარგოს. ამ ჩემი ცოდნის რეალიზებას აფთიაქი სჭირდება. განსაკუთრებით რთულია ჩემი ტიბეტური წამლების დამზადება. მაგალითად, “სიცოცხლის ელიქსირი”ერთი პორციიდან, რომელსაც 2 თვე სჭირდება, გამოდის სულ 12 ფლაკონი.
ძირითადი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე ამ აფთიაქის შექმნა, იყო ის, რომ ჩემი განსაკუთრებული ინტერესების სფეროს ბავშვები წარმოადგენენ. მინდა ისინი მაქსიმალურად ავარიდო ქიმიურ წამლებს. ევროპაში ჰომეოპათიას ყველაზე ფართოდ იყენებენ ბავშვთა პრაქტიკაში, ისინი ძალიან სწრაფად რეაგირებენ ამ წამლებზე და აღწევენ სრულ განკურნებას. იგივე უნდა ითქვას ჩვილებზეც, რომელთა მკურნალობაშიც. ჰომეოპათია ყველაზე წარმატებულია. უკანასკნელ ხანებში საკმაოდ ხშირად მეკითხებიან მშობლები ამა თუ იმ ჰომეოპათიური პრეპარატის შესახებ, რომლებსაც ბავშვებს ექიმები უნიშნავენ. ერთი მხრივ, ეს სასიხარულოა. როგორც ჩანს, ბევრი ექიმი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ საშუალებებით შეიძლება სასურველი ეფექტის მიღება ისე, რომ ბავშვს არ ავნო, რადგან ჰომეოპათიას გვერდითი მოვლენები არ აქვს. მაგრამ ცუდი ის არის, რომ ამ დანიშნულებათა დიდი ნაწილი არასწორია. სამწუხაროდ, ექიმთა ერთი ნაწილი რატომღაც ისე ნიშნავს ამ წამლებს, რომ წარმოდგენაც არ აქვთ ჰომეოპათიის მოქმედების მექანიზმზე.
– გავრცელებული მოსაზრებით ჰომეოპათიური პრეპარატები ჩვეულებრივზე ნელა მოქმედებს და მკურნალობის პროცესი უფრო ხანგძლივი და რთულია, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
– შეიძლება ითქვას, რომ არაფერი აქვს საერთო (იცინის). ჰომეოპათიური წამლის გავრცელების სიჩქარე, როგორც ფიზიკოსები ამტკიცებენ, სინათლის სიჩქარის ტოლია. წამლების მოქმედება ორგანიზმში მოხვედრისთანავე იწყება და ხშირად ალოპატიურზე სწრაფი ეფექტიც აქვს. როცა ამბობენ, რომ მკურნალობა ხანგრძლივია, გულისხმობენ ქრონიკული დაავადების განკურნების პროცესს. ჰომეოპათია მიზნად ისახავს ადამიანის გამოჯრთელებას და არა მხოლოდ გარკვეული სიმპტომის გაქრობას.
რაც შეეხება სირთულეს, პაციენტისათვის ყველაფერი ძალიან მარტივია. რთულია ექიმისათვის. განსაკუთრებით პირველი შეხვედრა – მას არავინ არ უნდა ესწრებოდეს; არც პაციენტს და არც ექიმს არსად არ უნდა ეჩქარებოდეს და არც გარეთ არ უნდა ელოდებოდეს ვინმე. არასოდეს არ იცი, რა დრო დაგჭირდება, უცილებელია ყურადღების სრული კონცენტრაცია. ხანგრძლივი გამოკითხვის შემდეგ საჭიროა ყველაფრის გაანალიზება. მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა ხდება ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურად, პიროვნების ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ძალიან დიდი დრო, ენერგია და ცოდნაა საჭირო იმისათვის, რომ გაერკვე პაციენტის ყველა პრობლემაში, იპოვო მიზეზი, დაადგინო დაზიანებების ხარისხი, შეიმუშაო მკურნალობის სტრატეგია და აირჩიო სწორი ტაქტიკა. მკურნალობის პროცესში პაციენტი გამუდმებით მეთვალყურეობის ქვეშ უნდა გყავდეს.
ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა ძალიან ინტიმური საკითხია. ინფორმაცია – სრულიად კონფიდენციალური. თუმცა საქართველოში ყველაფერი პირიქითაა, პაციენტებს რიგები უყვართ, ექიმებს კი „ფეისი“ პაციენტებით „მარიაჟობა“ (იცინის).
პირადად მე, მე მუშაობის ასეთი სტილს არ ვცნობ, ალბათ, იმიტომ, რომ ევროპაში ვარ მიჩვეული მუშაობას.
– რამდენად პოპულარულია ჰომეოპათია უცხოეთში?1608387_10203045998297118_306889557_n
– რაც უფრო მაღალი დონისაა ქვეყანა, მით მეტია მოთხოვნილება ჰომეოპათიაზე. ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის 50%- 85 % მდე სწორედ ამ მეთოდზე აკეთებს არჩევანს. 200 წლის მანძილზე ეს დარგი ელიტარული იყო და მაღალი ფენების მედიცინად ითვლებოდა. ინგლისში ის სამეფო კარის მედიცინა იყო და დღემდე მისი მფარველობის ქვეშ არის. ბელგიაში მას დედოფალი, მონაკოში კი პრინცესა კურირებს.
– თუ არ ვცდები, თქვენც იყავით მონაკოს პრინცესასთან მიწვეული… მოგვიყევით ამის შესახებ…
– დიახ, ქათმის გრიპის საშიშროების დროს, როცა მთელს მსოფლიო პანდემიის მოლოდინში იყო, ჰომეოპათებიც ვეძებდით გამოსავალს. მეც გამოვთქვი ჩემი მოსაზრებები ამის თაობაზე, რამაც საერთაშორისო საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. მონაკოს პრინცესა ანტუანეტამ მიმიწვია და ჩამრთო თავის სამეცნიერო ჯგუფში, რომელიც ასეთ გლობალურ პრობლემებზე მუშაობს, აქ შედიან სხვადასხვა მიმართულების მეცნიერები: ქიმიკოსები, ფიზიკოსები, მიკრობიოლოგები და ა.შ
– რაში მდგომარეობდა თქვენი მოსაზრება, რომელმაც ასეთი ინტერესი გამოიწვია?
– საუბარი იყო პრობლემის გადაჭრის ტაქტიკასა და სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებდა როგორც სისტემური, ასევე ცალკეული პრევენციული ღონისძიებების გატარებას. გარდა ამისა, მე წარმოვადგინე წამალი, რომელიც ჩემმა წინაპარმა სავლე წერეთელმა ისპანკა გრიპის დროს გამოიყენა…
– შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ჰომეოპათია რიგი დაავადებების წინააღმდეგ უფრო ეფექტურია, ვიდრე სხვების მიმართ?
– კი, ასეა… დავიწყებ იმ დაავადებებით, რომლებიც ჰომეოპათიურ მკურნალობას რთულად ექვემდებარებიან, პირველ რიგში, ეს არის დიაბეტი და ჰიპერტონული დაავადება. თუმცა აქ მისი გამოყენება შეიძლება პალიატიურად, და არა ძირითად და, მით უმეტეს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მხოლოდ მათ იმედზე დარჩენა. სამწუხაროდ, ხდება ხოლმე, რომ ძალიან თავდაჯერებული დამწყები ჰომეოპათი ავადმყოფს დიაბეტის წამლებს ჰომეოპათიურით უნაცვლებს და…. შედეგიც არ აყოვნებს!
სამაგიეროდ, ჰომეოპათია ძალიან ეფექტურია და ხშირად უალტერნატივოც, ბევრ ისეთ შემთხვევებში, სადაც კლასიკური მედიცინა ფაქტობრივად უძლურია. მაგალითად, ტონზილიტი, ადენოიდები, ავტოიმუნური პროცესები, სისტემური დაავადებები, ნივთიერებათა და მინერალური ცვლის მოშლა, ალერგიული მიდრეკილებები, გაურკვეველი დიაგნოსები, შიშები, ნევროზი, ინსულტი დ ა კიდევ ბევრი სხვა.
პირადად მე, ყველაზე მეტად აქცენტს ბავშვებისა და მოზარდების იმუნიტეტზე, ძვალსახსროვანი სისტემის გამაგრებაზე ვაკეთებ. ძალიან სუსტი თაობა წამოვიდა. მათ დახმარება სჭირდებათ როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ დონეზე. სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო მატულობს ხშირად მოავადე, ალერგიული და ჰიპერაქტიური ბავშვების რიცხვი. გამოკვეთილია ძვლებისა და სახსრების სისუსტე, რომელიც ხშირად ისეთი ფორმით გვხვდება, რომ სულ არ სჭირდება ექიმობა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ასეთ ბავშვებს ”შუშის ბავშვებს” ეძახიან. ეს გარკვეულწილად განპირობებულია იმით, რომ დაბინძურდა ეკოლოგია და ძალიან მატულობს ალერგიული ფონიც. მაგრამ ძირითადი მიზეზი ეს არ არის. პრობლემას უფრო ღრმა ფესვები აქვს და ის მშობლების არასწორ ცხოვრების წესსა და მკურნალობაში იმალება – მათ მიერ ჭარბად მიღებული წამლები, ანტიბიოტიკები, ნარკოტიკები, ჰორმონები (განსაკუთრებით ფეხმძიმობისას). საბედნიეროდ, ბავშვები და მოზარდები ძალიან კარგად ექვემდებარებიან ჰომეპათიურ მკურნალობას. ბავშვში ძალიან სწრაფად ხდება ნებისმიერი პრობლემის კორექცია, ამიტომ თუ მას დროზე მიეშველე ის შეიძლება სრულიად გააჯანსაღო. ჩვენ ვზრდით ჯანმრთელ ბავშვებს ისე, რომ არანაირი წამალი აღარ სჭირდებათ. დღეს ეს ყველაზე აქტუალურია ჩემთვის, რადგან საქმე ჯანსაღ გენოფონდს ეხება. გარდა ამისა, ჩვენი ცენტრი დიდი ხანია მუშაობს სტრესებზე, ნევროზებზე, ჰიპოთირეოზზე, ოსტეროპოროზზე, მინერალური ცვლის მოშლაზე და ბევრ სხვა პათოლოგიაზე.
– ინტერვიუს დაწყებამდე ახსენეთ, ბავშვობაში ექიმობა იმიტომ გინდოდათ, რომ უკვდავების წამალი გეპოვათ… ისევ ეძებთ, თუ აიღეთ ხელი?
– თქვენ წარმოიდგინეთ, არა (იცინის)! ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ. ტიბეტში მივაგენი რაღაც მსგავსს, მათ მანუსკრიპტებში. მაგრამ იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ როგორც კი მიხვდნენ, რომ სწორ გზაზე ვიდექი, მაშინვე ჩამომაშორეს იმ წყაროებს. ეგ ცოდნა საშიშია ადამიანების ხელშიო…

გიორგი მიქაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები