“ტერორიზმის საქმე” – მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, სასამართლოში ჩვენებას უკრაინაში ყოფილი მებრძოლი, კოსტანტინე ჯღამაია აძლევს
ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტებზე სუსში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, სასამართლოში ჩვენებას უკრაინაში ყოფილი მებრძოლი, კოსტანტინე ჯღამაია აძლევს.
როგორც ჯღამაიას უფლებადამცველი თორნიკე ჩიქოვანი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებთან არავითარი კვეთა და ნაცნობობა არ აკავშირებს.
“მას არავითარი კავშირი არ აქვს ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან და მზად არის ჩვენება მისცეს. მისთვისაც გაურკვეველი და უცნობია, რატომ დაიბარეს, სწორედ ამიტომ არის მოსული, რომ ეს ფაქტი გაარკვიოს.
არანაირი კვეთა, არანაირი ნაცნობობა, არანაირი ურთიერთობა მას ამ ადამიანებთან არ გააჩნია.
უკრაინაში უცხოურ ლეგიონში იყო, ქართულ ლეგიონში არც ყოფილა, პერიოდულად იყო იქ, მთლიანობაში, წელზე მეტი. საქართველოში, როგორც მან მითხრა, რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა”,- განაცხადა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.