დავით ნოზაძე ყაზბეგში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
სტეფანწმინდაში ყაზბეგის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი დაბის ცენტრიდან საკრებულოს შენობამდე ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.
მიმდინარე სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, პირველ მოადგილესთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
რეაბილიტაციის სამუშაოები მოიცავს გზის საყრდენი კედლის მშენებლობას, სავალი ნაწილის მოასფალტებასა და ელექტრო გადამცემი ხაზების/ ინტერნეტის სადენების გზის საფარის ქვეშ მოთავსებას. აღსანიშნავია, რომ მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ნეკერჩხლის ხეივანი.
ამ ეტაპისათვის სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია, მათ შორის გაკეთდა გზის საყრდენი კედლის ნაწილი, გარკვეული ტერიტორია მოშანდაკდა, ხოლო ნაწილზე ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო. შეიცვალა მილები, ინტერნეტის სადენები კი მოთავსდა გზის საფარის ქვეშ.
პროექტის დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება. სამუშაოების ღირებულება 2 400 000 ლარს აღემატება.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.