ილჰამ ალიევი ენტონი ბლინკენს: დიდი ხანია დროა, ოფიციალურად შეწყდეს ეუთოს უფუნქციო მინსკის ჯგუფის საქმიანობა

დიდი ხანია დროა, ოფიციალურად შეწყდეს ეუთოს უფუნქციო მინსკის ჯგუფის საქმიანობა, – განუცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს სატელეფონო საუბრისას.

აღნიშნულ ინფორმაციას უცხოური მედია აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ხანია დროა, ოფიციალურად შეწყდეს ეუთოს უფუნქციო მინსკის ჯგუფის და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტების საქმიანობა, რათა ოფიციალურად დაიხუროს კონფლიქტის თავი, რომელიც წარსულის ნაშთად იქცა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის გარდა, ილჰამ ალიევსა და ენტონი ბლინკენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

„სახელმწიფო მდივანმა აღიარა სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართულებით მიმდინარე პროგრესი და ხაზი გაუსვა შეთანხმების დაუყოვნებლად გაფორმების მნიშვნელობას.

მანვე გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს შემდგომ ჩართულობას მხარეებისთვის სასარგებლო ნებისმიერი გზით“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები