ზაალ იაკობიძე – “გუშინ ლარის კურსის ცვლილება გამყარებისკენ შეინიშნებოდა, თუ ასე გაგრძელდა, უახლოეს მომავალში საწვავზე ფასების ცვლილება ზრდის კუთხით მოსალოდნელი არ უნდა იყოს”

ნავთობიმპორტიორი კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებლის, ზაალ იაკობიძის განცხადებით, საწვავის საერთაშორისო ბაზარზე ფასების მატება შეინიშნება.

როგორც მან მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ფასის მატება, რომელიც ახლა საერთაშორისო ბაზარზე შეინიშნება, მოკლე მომავალში გაძვირების კუთხით საქართველოს ბაზარზე გავლენას არ იქონიებს, რადგან ივნისის თვის საიმპორტო მოცულობებზე კონტრაქტები დადებულია და ფასები უკვე განსაზღვრულია.

ამასთან, იაკობიძის თქმით, გუშინ ლარის კურსის ცვლილება გამყარებისკენ იყო, რაც დადებითი მოვლენაა და თუ ასე გაგრძელდა, უახლოეს მომავალში ფასების ცვლილება ზრდის კუთხით მოსალოდნელი არ უნდა იყოს.

“საერთაშორისო ბაზარზე სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება. ბოლო 1 თვის პერიოდს თუ ავიღებთ, ფასების კლება შესამჩნევი იყო. ამას გარდა, ქართულ კომპანიებს რუსეთიდან ბენზინის შემოტანის შესაძლებლობა გაუჩნდათ. ანუ 2 დადებითი მომენტი ერთმანეთს დაერთო. ეს იყო დადებითი ტენდენცია, რამაც ფასებზე იმოქმედა. ამ პერიოდში ფასების კლება მოხდა. თუმცა, ამავე დროს ცუდი მომენტი დაემთხვა , რომელიც ლარის კურსის გაუარესებაში გამოიხატა. ეს ფაქტები ფასების ჩამოყალიბებაზე ერთდროულად იყო განმსაზღვრელი. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პირიქითი ტენდენცია დაიწყო: საერთაშორისო ბაზარზე ფასების მატება შეინიშნება.
მოლოდინი ასეთია: ივნისის მოცულობები, პრაქტიკულად, დაკონტრაქტებულია და იქ ფასები უკვე განსაზღვრულია. ფასის მატება, რომელიც ახლა საერთაშორისო ბაზარზე შეინიშნება, მოკლე მომავალში გაძვირების კუთხით გავლენას არ იქონიებს. გუშინ მოხდა ასევე ის, რომ ლარის კურსის ცვლილება გამყარებისკენ შეინიშნებოდა. გუშინ საკმაოდ კარგი ტენდენცია დაიწყო, 6-7 პუნქტით გამყარება მოხდა. ეს ძალიან დადებითი მოვლენაა, თუ ასე გაგრძელდა, ამ შემთხვევაში უახლოეს მომავალში ფასების ცვლილება ზრდის კუთხით მოსალოდნელი არ უნდა იყოს” – განაცხადა იაკობიძემ.

მისივე თქმით, 10-12 დღის პერიოდში უნდა გაირკვეს, ისევ შეაჩერებს , თუ არა რუსეთი ბენზინის ექსპორტს.

“რუსეთის მინისტრთა საბჭოს ბოლო ბრძანება ასეთი იყო, რომ ბაზარი პირველ ივლისამდეა გახსნილი. ეს თუ არ შეიცვალა, გამოვა, რომ რუსეთიდან ბენზინის მოწოდება კიდევ შეიძლება, შეწყდეს. ეს არასასიამოვნო ფაქტია, რადგანაც რუსეთის ბაზარი ჩვენი ქვეყნისთვის დღეისათვის ყველაზე იაფი ბაზარია. თუ მოხდა ისე, რომ შემოტანის აკრძალვა ისევ დაწესდა, ეს ჩვენს ბაზარზე სასიკეთოდ არ იმოქმედებს. მხედველობაში არ მაქვს, რომ საქონლის დეფიციტი გაჩნდება, ეს არ მოხდება, მაგრამ საქონლის ფასზე უარყოფითად იმოქმედებს. იძულებულები გავხდებით , სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან შემოვიტანოთ, რომელიც უფრო ძვირია. შესაბამისად, ეს საწვავის გაძვირებას გამოიწვევს. ველოდებით , დაახლოებით 10-12 დღის პერიოდში უნდა გაირკვეს, იქნება, თუ არა ეს განკარგულება გაგრძელებული,რომელიც პირველ ივლისამდე იყო, ჩაიკეტება, თუ არა კიდევ ერთხელ რუსეთის ბაზარი” – განაცხადა იაკობიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები