ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა. სხდომას ესწრებოდა ორივე ბრალდებული. პროცესზე დაკავებულებმა მათ მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრეს.

აბაშიძის თქმით, ჩხრეკის დროს მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა განხორციელდა.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გაიზიარა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი დახურა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) წარედგინა, ერთ-ერთ მათგანს კი ასევე 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა). დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები