ალტისტი არაჩვეულებრივი გამოფენიდან

         ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ის უკვე შემდგარ და იმედისმომცემ მუსიკოსად ითვლება… მაგრამ კლასიკური მუსიკის სხვა შემსრულებლებს ის ნაკლებად გავს – ინსტრუმენტი, თავის დროზე სიზარმაცის გამო აირჩია, მუსიკას და ფეხბურთს შორის არჩევანზეც კარგა ხანს იყოყმანა… გიორგი ცაგარელი კლასიკაზე მეტად როკმუსიკას უსმენს და ქუჩაში სეირნობისას ურჩ მძღოლებს მადიანად უკურთხებს… 

– მოგვიყევი, როგორ დამეგობრდი მუსიკასთან?
– მუსიკასთან, შეიძლება ითქვას, დაბადებიდან ვმეგობრობ, დედაჩემის წყალობით – კლასიკური ნაწარმოებების ფირფიტებს მასმენინებდა თურმე… მერე, როგორც კი ფეხი ავიდგი, ოპერაში დავყავდი… მახსოვს, ძალიან მიყვარდა „ტრავიატა“ და თუ შემთხვევით ტელევიზორიდან მოვკრავდი ყურს რომელიმე არიას, თურმე ვშეშდებოდი და გატაცებით ვუსმენდი, ალბათ, ისეთი დიდი დოზით მიიღო ჩემმა ტვინმა ოპერა, ახლა ვეღარც კი ვუსმენ (იცინის). თუმცა ანიტა რაჭველიშვილის სპექტაკლებზე რამდენჯერმე ვიყავი ევროპასა და ამერიკაში, მისი მოსმენა ძალიან დიდ სიამოვნებასა და სიამაყის შეგრძნებას მანიჭებს. როგორც სტადიონზე, ისე დავდივარ მის საგულშემატკივროდ და, როგორც წესი, „ჩემი გუნდი“ ყოველთვის იმარჯვებს (იცინის).
– როდის, რა ასაკში გადაწყვიტე, რომ მუსიკოსი გახდებოდი?10711986_10203006931160464_1041350472_o
– მუსიკოსობა 16 წლის ასაკში, კონსერვატორიაში ჩაბარებამდე ცოტა ხნით ადრე გადავწყვიტე. შეიძლება ითქვას, რაიმე განსაკუთრებული მოტივაციის გარეშე… მანამდე ხან ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, ხან ფსიქოლოგობაზე (იცინის). ინსტრუმენტი ალტი რა იყო, 12 წლის ასაკში გავიგე, როდესაც კვარტეტში დასჭირდათ ალტისტი. შემდეგ გადავწყვიტე, ბარემ დამემთავრებინა ნიჭიერთა ათწლედი, რადგან მაშინდელი რეპერტუარიდან გამომდინარე, ალტზე ბევრი მეცადინეობა არ მჭირდებოდა, სხვათა შორის, ალტამდე ვიოლინოზე ვსწავლობდი, მაგრამ სიბეჯითე არ მეყო (იცინის).
– ანუ მეცადინეობა ბავშვობაში გეზარებოდა?
– ბავშვობაშიც და, რაღა დაგიმალო, ახლაც მეზარება, თუკი რაღაც სავალდებულო ნაწარმოები მაქვს დასაკრავი, რაც არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს.
– მაინც რამდენ საათს მეცადინეობ ხოლმე და რამდენია შენი პირადი რეკორდი?
– ყოველთვის ვცდილობ დროის გაკონტროლებას, თუმცა არ გამომდის… გერმანიაში ან შვეიცარიაში უფრო რეჟიმში ხარ. იქ ყოფნისას უფრო აკონტროლებ დროსაც და მეცადინეობისთვის ყოველთვის გარკვეული დრო გაქვს გამოყოფილი. პირადი რეკორდი? მახსოვს, რამდენიმე დღის განმავლობაში დაახლოებით 8 საათი ვიმეცადინე, უფრო სწორად, ამას ვარჯიშს დავარქმევდი, რადგან 8 საათი საკუთარ თავზე მუშაობა უკვე ვარჯიშს ემსგავსება, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა… ძალიან დიდი კონცენტრაციის დროს 1 საათიც საკმარისია ხოლმე მიზნის მისაღწევად, მთავარია, ზუსტად გააანალიზო ნაწარმოების ტექნიკური თუ მხატვრული სირთულე და მაშინ 8 საათი არ დაგჭირდება…
– რა გზა გამოიარე დღემდე მოსასვლელად? ბუნებრივია, პროფესიული კუთხით ვგულისხმობ …
– მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი ვისწავლე – ნიჭიერთა ათწლედი, თბილისის კონსერვატორია, დეტმოლდის, ლაიფციგისა და ბაზელის მუსიკალური სკოლები, ვფიქრობ, პროფესიული გზის მხოლოდ დასაწყისში ვარ. „კარიერის გასაკეთებლად“ აუცილებელია დიდ კონკურსებზე წარმატება, ამიტომ გადავწყვიტე ერთხელ მაინც სერიოზულად მოვემზადო (იცინის). „სწავლა სიბერემდეო“, ჰოდა, მეც არ ვეშვები და ვმუშაობ იური ბაშმეტთან – ალბათ, ყველაზე პოპულარულ ალტისტთან პლანეტაზე(იცინის)…
თუმცა პროფესიონალ მუსიკოსად თავს, ალბათ, ვერასოდეს ჩავთვლი, რადგან, ძირითადად, მაინც საკუთარი სიამოვნებისთვის ვუკრავ…
– ორი სიტყვით ინსტრუმენტზეც მოგვიყევი, რა ნიშნავს იგი შენთვის?10695349_10203006931240466_2104355743_n
– მთავარია სცენა და ემოციის გამოხატვა… ემოციას, რომლის გამოთქმაც მინდა ხოლმე, ალტით მხოლოდ რამდენიმე ნაწარმოების შესრულებისას გამოვხატავ, რეპერტუარის მხრივ ერთგვარად შეზღუდული ვარ და ცოტათი სცენური თავისუფლების ნაკლებობასაც განვიცდი. ალტი და, საერთოდ, კლასიკური მუსიკა რამდენიმე კონკრეტული ნაწარმოების გამო მიყვარს, თუმცა ამ ნაწარმოებებშიც, ალტის პარტია ნაკლებადაა მოცემული, ამაზე გული მწყდება.
– რას თვლი შენს პროფესიულ კარიერაში დღემდე მიღწეულ ყველაზე დიდ წარმატებად?
– ჯერჯერობით არ მქონია განსაკუთრებული წარმატების განცდა, თუმცა ითვლება, რომ წარმატებაა ის, რომ წელს გია ყანჩელმა 20 მინიატიურის ვერსია ალტისა და ფორტეპიანოსათვის მომიძღვნა ნიკა რაჭველთან ერთად, რამაც, მართლაც, უზომოდ გამახარა. ასევე პირველმა შევასრულე სულხან ნასიძის ალტის კონცერტი და ზვიად ბოლქვაძემ დამიწერა ულამაზესი კონცერტი – ამ ყველაფრით ვამაყობ და ძალიან მიხარია, თუმცა წარმატება ალბათ მაინც სხვა რამაა.
– მაინც რა არის შენთვის წარმატება, როდის ჩათვლი თავს წარმატებულად?
– რამდენიმე პროექტი ჩავიფიქრე, სადაც ყველაფერი მხოლოდ ისე იქნება, როგორც მე მინდა და ვგრძნობ,გამომივა ისეთი, რომ თავს მართლა წარმატებულად ვიგრძნობ. წინასწარ არ მინდა ამაზე საუბარი, თავის დროზე ყველა გაიგებთ (იცინის).
– საყვარელი კომპოზიტორები, რომელთა ნაწარმოებების შესრულება ყველა მეტ სიამოვნებას განიჭებს?
– საყვარელი კომპოზიტორი ბევრი მყავს… გამოვყოფდი რამდენიმეს, პირველ რიგში – გია ყანჩელს, ალფრედ შნიტკეს და პაულ ჰინდემიტს… ყანჩელის მუსიკის დაკვრისას სულიერ კათარზის და სიმშვიდეს განვიცდი, რაღაც მედიტაციის მაგვარ მდგომარეობაში შევდივარ (იცინის)…  იგივე შემიძლია ვთქვა შნიტკეზეც…
– კლასიკურის გარდა, კიდევ რა ჟანრის მუსიკას უსმენს?
– როკის თითქმის ყველა მიმართულებას, R&B, ალტერნატიულ მუსიკას…
– მუსიკის გარდა რა არის შენს ცხოვრებაში კიდევ მნიშვნელოვანი?
– ერთ დროს ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის… მაგრამ ბოლო წლებში საერთოდ გამიქრა ინტერესი ფეხბურთის მიმართ, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ფეხბურთს მხოლოდ ერთი კონკრეტული ფეხბურთელის, ალესანდრო დელ პიეროს გამო ვუყურებდი. მართალია, იგი დღემდე თამაშობს, მაგრამ სიდნეის და ახლა უკვე დელის „დინამოს“ თამაშებს ნამდვილად ვერ ვუყურებ (იცინის). ამიტომაც მუსიკა კვლავ კონკურენციის გარეშე დარჩა…
– ორი სიტყვით, შენს სამომავლო გეგმებზეც მოგვიყევი…
– როგორც უკვე გითხარით, დავიწყე მომზადება კონკურსისთვის და ასევე ველოდები კონცერტს ლონდონში, სადაც რამდენიმე ცნობილი მუსიკალური აგენტი მომისმენს. ამ ორი ამოცანის შესრულება და მათი შედეგი დიდწილად განაპირობებს შორეულ სამომავლო გეგმებსაც… ვნახოთ, რა გამოვა…
– ოცნებას გაგვიმხელ? შემოქმედებითს ან ართუ ისე…
– ალბათ, გაგიკვირდებათ და ჩემი ოცნება როკმომღერლობაა…
– არ დაგიმალავ და, მართლა გამიკვირდა… ანუ, შენს როგორც, ალტისტის კარიერას, როკჯგუფის სოლისტობაში გაცვლიდი?
– გაცვლა არ გამომივა (იცინის). ვოკალური მონაცემები არ გამაჩნია, ამიტომ ოცნება, მხოლოდ ოცნებად რჩება…

გიორგი მიქაძე

10708265_10203006931120463_1520183898_n

10711678_10203006931200465_544438786_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები