„ლევან ჩაჩუა უდანაშაულო რომ იყოს, ციხეში ამდენ ხანს ვერ ჩასვამდნენ“
ყველა ის სამხილი, რაც ზურაბ ჟვანიას საქმეში არსებობდა, ხელმეორედ გაიგზავნა დნმ-ს ექსპერტიზაზე და გამოძიებას პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია – აცხადებს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მეგობარი და თანაგუნდელი ხათუნა ხოფერია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ხათუნა ხოფერიას თქმით, ის და გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას ოჯახი საქართველოს პროკურატურას დიდ ნდობას უცხადებს. იგი დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრის მკვლელობის საქმე აუცილებლად გაიხსნება.
„ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი საქმე და ასეთი საქმეები გაუხსნელი არ დარჩება“, – ამბობს ყოფილი პარლამენტარი.
როგორც ხათუნა ხოფერია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით ყალბი ექსპერტიზის დასკვნა შექმნა.
„ჩაჩუა თითქმის ნახევარი წელია პატიმრობაში იმყოფება და განაჩენი არ აქვს გამოტანილი. ალბათ, პროკურატურა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს და ამ ადამიანს გამოუტანონ განაჩენი იმ დანაშაულისთვის, რაც ბრალად ედება! ჩაჩუა უდანაშაულო რომ იყოს, ამდენი ხნით ციხეში ვერ ჩასვამდნენ! ჩაჩუას გამართლება წარმოუდგენელია! პირადად მე ვთვლი, რომ იგი ნამდვილად ციხეში უნდა იჯდეს. ორი აზრი არ ასებობს, რომ ჩაჩუას ყალბი დასკვნა აქვს დაწერილი“, – აცხადებს ხათუნა ხოფერია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.