“ნაცმოძრაობის” რეჟიმის დაზარალებული გიორგი ხოჭავა – მეგი ქარდავაზე: ეს არაადამიანი მეუბნება, რომ ქურდობა უნდა მეღიარებინა წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე წუთიც კი არ ვიცოცხლებდი
„19 წლის ვიყავი. საღამო იყო, რაღაც საქმეები მქონდა და ნათესავის სახლიდან ვბრუნდებოდი სახლში. სახლამდე დაახლოებით გასავლელი მქონდა დარჩენილი 600-700 მეტრი. გააჩერა ორმა პიკაპმა, გადმოცვივდნენ და ჩამსვეს მანქანაში“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაზარალებულმა გიორგი ხოჭავამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„აბსოლუტურად ერთი სიტყვაც არ უთქვამთ და ვაღიარებ, რომ სანამ სამმართველოში არ მიმიყვანეს, მათ ჩემთვის ხელი არ დაურტყამთ. მიმიყვანეს სამმართველოში, გაჩერდნენ და დაახლოებით 5 წუთში სამმართველოს ეზოდან გადმოვიდა მეგი ქარდავა, ჩაჯდა თავის მანქანაში და როგორც მეგი ქარდავა ჩაჯდა თავის მანქანაში, გადმომიყვანეს და ჩამსვეს მეგისთან. ეს არაადამიანი, მხეცი, ცხოველი, ცხოველიც არ ეწოდება ალბათ ამ ადამიანს, მეუბნება რაღაც საქმეებს, კონკრეტულად ქურდობას ეხება ეს ყველაფერი და მეუბნება, რომ ეს ქურდობა გავაკეთე მე და ეს ქურდობა უნდა მეღიარებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე წუთიც კი არ ვიცოცხლებდი. მე მას ვუთხარი შემდეგი სიტყვები, რომ „ეს ქურდობა მე არ ჩამიდენია და მე არ ვაპირებ ამის აღიარებას“. – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.