ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის აღსანიშნავად საქპატენტმა სტუდენტებს საქართველოს 13 უნივერსიტეტიდან უმასპინძლა

26 აპრილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქპატენტმა 13 სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს მცხეთის სათავო ოფისში უმასპინძლა.

ღონისძიებაზე უწყების ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე სტუდენტებს ინტელექტუალური საკუთრების დარგის განვითარებაში ახალგაზრდების როლზე ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში ინტელექტუალური საკუთრება ის მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რაც, ფაქტობრივად, ყველა საკვანძო მიმართულებით ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას განაპირობებს, იქნება ეს ეკონომიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, თუ კულტურა. ახალგაზრდებში ინტელექტუალური საკუთრების მიმართ ინტერესის გაღვივება, სფეროში არსებული სიახლეების მიწოდება და ცოდნის გაღრმავება, დარგის განვითარების წინაპირობაა და, შესაბამისად, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის შემდგომი გაუმჯობესებისა და დახვეწის შესაძლებლობა. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის წლევანდელი კამპანიის თემა ინტელექტუალური საკუთრების მდგრადი განვითარების მიზნებს უკავშირდება და მოიცავს ჩვენი საერთო მომავლის აგებას ინოვაციებითა და კრეატიულობით.

სტუდენტებს სიტყვით მიმართა, ასევე, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენელმა ლიანა ახობაძემ. გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა ინტელექტუალური საკუთრების სფეროს აქტუალობას დღევანდელ, ტექნოლოგიური მიღწევებითა და ინოვაციებით მდიდარ სამყაროში, სადაც ახალგაზრდების ინფორმირებულობა, ცოდნაზე დაფუძნებული კრეატიულობა, შემოქმედებითი მიდგომები შექმნის უკეთეს ინტელექტუალური შრომის შედეგს და, შესაბამისად, ქვეყნის უკეთეს მომავალს.

ღონისძიების ფარგლებში, საქპატენტის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა სტუდენტებს გააცნეს უწყების საქმიანობა და სამუშაოების სპეციფიკა, განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების ცალკეული ობიექტები, მათი სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და რეგისტრაციის პირობები. სტუდენტები გაეცნენ ინტელექტუალური საკუთრების ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა: სასაქონლო ნიშნები, გეოგრაფიული აღნიშვნები, დიზაინი და გამოგონება. მათ მიიღეს ვრცელი ინფორმაცია ამ ობიექტებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა თუ ამოცანებზე, ექსპერტიზის თავისებურებებსა და სარეგისტრაციო პროცედურებზე, ასევე, განსაკუთრებული უფლებების დარღვევასა და დაცვის აღსრულების მექანიზმებზე.

საქპატენტი მუდმივად ზრუნავს სტუდენტების მხარდაჭერასა და ხელშეწყობაზე. ამ მიზნით უწყება ახორციელებს სხვადასხვა კურსებს, სტაჟირების პროგრამებსა, თუ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს, რითაც დახმარებას უწევს ინტელექტუალური საკუთრების სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტებს გაიღრმაონ ცოდნა, შეიძინონ პროფესიული კვალიფიკაცია და გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები ამ მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ საქპატენტის შუამდგომლობით, პან-ევროპული პროფესიული სტაჟირების პროგრამის (Pan-European Seal (PES) Programme) ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები სტაჟირებას გაივლიან ესპანეთში, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში (EUIPO).

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა დაიგეგმა სტუდენტური პროექტის – „კარიერული განვითარების ბანაკის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან, კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან (CIPE) და სოლიდარობის ცენტრთან ერთად.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები