დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 210 წელი შესრულდა

26 აპრილს პუბლიცისტი, წმინდანი, საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი დაიბადა. დღეს მას 210 წელი შეუსრულდებოდა. ინფორმაციას მისი შთამომავალი, ფილოლოგი და მწერალი, თამარ მიქაძე ავრცელებს სოციალურ ქსელში.
„დიდი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, აწ, უკვე წმინდანად შერაცხილი დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 210 წელი. სრულიად საქართველოს ვულოცავ“, – წერს თამარ მიქაძე.
1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და იქვე დაინიშნა მასწავლებლად. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს. აქ გუბერნატორის კანცელარიაში გაამწესეს (1835), 1837 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამ დროიდან 1864 წლამდე იყო მთავარმართებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე.
1864-1870 თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. 1876-1879 თბილისის ქალაქის თავი. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) ქართველი ერი დაწყევლა. ყიფიანმა მას საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც მეფის აგენტებმა ვერაგულად მოკლეს.
იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური. ლიტერატურული მოღვაწეობა დიმიტრი ყიფიანმა თარგმნით დაიწყო. 1841 წელს მან თარგმნა შექსპირის „რომეო და ჯულიეტა” (გამოქვეყნდა „ცისკარში” 1896). 1851 წელს დაიბეჭდა მის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი გ. ერისთავის „გაყრა”. 1857-იდან თანამშრომლობდა „ცისკარში”.
2007 წელს საქართველოს საპატრიარქომ დიმიტრი ყიფიანი, ერის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლის გამო წმინდანად შერაცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები