ბექა ოდიშარია: ევროპარლამენტი მიდრეკილია გარკვეული საკითხების ლობირებისადმი, მათ შორის, ზოგიერთი ღია დაფინანსებით, ზოგი კი „შავი ფულის“ პირობებში

მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია ევროპარლამენტის 31 დეპუტატის მიმართვას გამოეხმაურა.

,,როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ ევროპარლამენტი მიდრეკილია გარკვეული საკითხების ლობირებისადმი, მათ შორის, ზოგიერთი ღია დაფინანსებით, ზოგი კი „შავი ფულის“ პირობებში. არ მგონია, რომ ეს ადამიანები იყვნენ საქართველოს მეგობრები, როგორც ამას დეკლარირებდნენ. ისინი სააკაშვილის მეგობრები არიან. როდესაც ამბობენ, რომ რაღაცას ვაზიანებთ, ისეთივე გულწრფელი არიან, როგორი გულწრფელებიც იყვნენ, რომ ამბობდნენ, მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ, რათა კანდიდატის სტატუსი მოგვეპოვებინა.

როგორც სხდომათა დარბაზში მსხდომი ჩვენი მეხუთე კოლონა, ისე ევროპარლამენტარების ერთი ნაწილი გააფთრებით ცდილობდა და იღვწოდა, რათა კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. ერთხელ ამას მიაღწიეს და მეორედ უკვე მსოფლიო საზოგადოებამ, ჩვენმა ნამდვილმა პარტნიორებმა გააანალიზეს და სამართლიანი გადაწყვეტილებით მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი. ახლაც ასე იქნება. მინდა, ქართული საზოგადოება დავამშვიდო. ყველაფერი დაცხრება, ეს ადამიანები ბოლომდე გაიშიფრებიან, ბოლომდე გაიშიფრებიან ხალხი, მილიონერი „ენჯეოები“ თავიანთი გარე დამფინანსებლებით –  ეს იქნება „კანვასი“ თუ „აკერმანი“ და სხვები, ვინც აფინანსებს პოლარიზაციას, ექსტრემიზმს, ტერორიზმს, ჩვენი პარტნიორები კვლავ დაუბრუნდებიან სტატუს-კვოს, როდესაც მეთოდურად, მშვიდად მივდიოდით ევროატლანტიკური მისწრაფებებისაკენ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს წერილით მიმართავს. წერილის ავტორები ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები