საქართველოს პრემიერმინისტრი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე შვედეთის სამეფოს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, იოჰან ფორსელს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, რომელმაც ხელშესახები შედეგები მოიტანა როგორც პოლიტიკურ, ისე სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში.

საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. პრემიერმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციების წარდგენა, რაც საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა ამ გზაზე საქართველოს მთავრობის ძალისხმევას და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები