რომაული დეტექტივი – როგორ გამოიძია იმპერატორმა ტიბერიუსმა დანაშაული
ძველ რომში არ არსებობდა კლასიკური გამომძიებელი ან დეტექტივი. ნებისმიერ დანაშაულს სასამართლოში იძიებდნენ და, როგორც წესი, საქმეს ის იგებდა, ვისაც უკეთესი რეპუტაცია და უფრო დამაჯერებელი არგუმენტები გააჩნდა. თუმცა, არსებობდნენ გამონაკლისებიც. რომის იმპერატორმა, ტიბერიუსმა ერთხელ ნამდვილი გამოძიება დაიწყო და საქმეც გახსნა.
ერთ-ერთ პატრიციულ ოჯახს თავს უბედურება დაატყდა. ლუციუს აპრონიუსის ერთადერთი ქალიშვილი აპრონია ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ეს გახლდათ ძალიან უცნაური სიკვდილი, რომელიც სულაც არ ჰგავდა თვითმკვლელობას. სხეული დალეწილი და დასახიჩრებული იყო. ამავდროულად, არავის გაუგია ყვირილი, რომელიც თითქმის ყოველთვის თან ახლავს ასეთ დაცემას.
გარდაცვლილის მამა, ლუციუს აპრონიუსი რომში დიდი კაცი იყო. იმდროინდელი არისტოკრატების უმეტესობის მსგავსად, მან საკუთარი სახელი ბრძოლებში განადიდა. ლუციუსმა ქალიშვილის ქმრად ნიჭიერი ახალგაზრდა იურისტი – მარკუს პლაუტიუს სილვანუსი აირჩია. ის არ იყო განსაკუთრებით მდიდარი ან ცნობილი, მაგრამ თავის სფეროში კარგი რეპუტაცია გააჩნდა. სიმამრის დახმარებით, მარკუსი სწრაფად ავიდა პრეტორის წოდებამდე, რაც იმ დროს ბრწყინვალე კარიერად მიიჩნეოდა.
პრეტორ მარკუს პლაუტიუსის ცოლი საკუთარი სახლის ფანჯრიდან ღამით გადავარდა. თავად ადვოკატს, მისი თქმით, ამ დროს ღრმად ეძინა. გულდაწყვეტილმა ლუციუსმა მკვლელობაში მაშინვე სიძე დაადანაშაულა. მას შურისძიება სწყუროდა და ამიტომ პირდაპირ იმპერატორ ტიბერიუსთან წავიდა, რომელთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა.
ტიბერიუსმა მიიღო სტუმარი და მოუსმინა, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. იმპერატორი კარგად იცნობდა ლუციუსს, მაგრამ ეჭვმიტანილსაც კარგად იცნობდა. მარკუსის ბებია ოდესღაც იმპერატორის დედის საუკეთესო მეგობარი იყო.
იმპერატორმა გადაწყვიტა, გამოეძიებინა აპრონიას იდუმალი სიკვდილი და ჭეშმარიტებამდე მისულიყო. ტიბერიუსს, რა თქმა უნდა, გამოცდილება არ ჰქონდა. მაშინ არც არსებობდა მსგავსი რამ, ამიტომ, ყველაფერი თავად უნდა გაეკეთებინა. იმპერატორს ძალიან უყვარდა გამოცანები, იდუმალი ისტორიები და აუხსნელი ფენომენები.
როგორც ექსცენტრიკულ ინტელექტუალს შეეფერება, ტიბერიუსი იყო ბრაზიანი, დაუნდობელი და სასმლის ბოთლიდან დალევაც უყვარდა. ასე რომ, მისი პერსონაჟი კერძო დეტექტივის როლს მშვენივრად ერგებოდა. მოკლედ, იმპერატორი დანაშაულის ადგილის შესამოწმებლად წავიდა. მან სახლის ოთახები შემოიარა, ფანჯრიდან გადაიხარა და დიდხანს ტრიალებდა ეზოში, უბედური აპრონიას გარდაცვალების ადგილზე.
დამწყები დეტექტივი თვალს არ აცილებდა მნიშვნელოვან წვრილმანებს: ფანჯარასთან, კედელზე მცირე დაზიანებას; დახეულ ფარდას; დაზიანებულ ავეჯს… ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ოთახში ჩხუბი მოხდა. უცნაური ის გახლდათ, რომ სილვანუსი, რომელიც იმპერიაში ერთ-ერთ უმაღლეს იურიდიულ თანამდებობას იკავებდა, მტკიცებულებების დასამალად თავს არ იწუხებდა.
ტიბერიუსმა სწრაფად გაიგო ისიც, რომ რომის ქუჩებში გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, თითქოს, პრეტორმა საკუთარი შვილი შეაცდინა. ამის შემდეგ სურათი ნათელი გახდა: აპრონიამ შეიტყო ბავშვზე ძალადობის შესახებ და ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაუპირისპირდა. საჯაროობის შიშით, სილვანუსმა ცოლს სცემა და შემდეგ ფანჯრიდან გადააგდო.
დანაშაული გამოვლინდა და მკვლელი სასწრაფოდ უნდა დასჯილიყო. ტიბერიუსმა პრეტორი სენატში დაიბარა, როგორც ეჭვმიტანილი, თუმცა, მამაკაცმა სასამართლო პროცესამდე ვერ იცოცხლა. ზემოთ ხსენებულმა ბებიამ მას, მსახურთან ერთად, ხანჯალი გაუგზავნა, რათა სირცხვილი ჩამოერეცხა, თუმცა, სილვანუსმა თვითმკვლელობა ვერ შეეძლო. მისივე თხოვნით, ეს საქმე მსახურმა გააკეთა.