აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია პატიმრებზე, სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე, ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებსა და ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, მედია გარემოზე, ლგბტ+ თემის უფლებების დარღვევაზე და სხვა.

ანგარიშის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში, ქართველები მხარს უჭერდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

„ასევე, გაიმართა მასშტაბური საპროტესტო აქციები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საფრთხეს შეუქმნიდა. [გასული წლის] დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა, შემდგომი პროგრესის მისაღწევად 9 რეკომენდაცია გასცა, მათ შორის დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, მართლმსაჯულების რეფორმები და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება. ხელისუფლებამ მიიღო ზომები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი თანამდებობის პირის მისამართით, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა“, – წერია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

გარდა ამისა, მასში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა დარჩა, ხოლო დე ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები უჭერდნენ მხარს.

„ადამიანის უფლებების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები ოკუპირებულ რეგიონებში მოიცავდა სანდო ცნობებს: უკანონო მკვლელობების შესახებ, თვითნებური დაკავების შესახებ, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის შესახებ, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების მიმართ, ეთნიკური ქართველების მიერ საკუთრების ან ბიზნესის დარეგისტრირებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ. რუსეთის და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებები დანაშაულს დაუსჯელად სჩადიოდნენ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები