ადვოკატი: ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით ოჯახი საქართველოს პრეზიდენტს დღესვე მიმართავს
2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების საქმეზე მსჯავრდადებულის, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღესვე მიმართავს. აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა ლიკა ბითაძემ ჟურნალისტებს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განუცხადა.
“187-ე მუხლი ითვალისწინებდა 4-წლიდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ მძიმე დაზიანებას. 353-ე მუხლმა მთლიანად შთანთქა 187-ე მუხლი და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფაში განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რაც შეეხება ჩვენს ქმედებებს, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. ასევე, ჩვენ მზად გვაქვს განცხადება, რომ შეწყალების თხოვნით მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს. მოლოდინებზე ვერ გეტყვით, ეს მისი დისკრეციაა.
გარდა ამისა, რაც შეეხება განაჩენს, დასაბუთებულ განაჩენს არ ველოდებით იმიტომ, რომ ეს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და სამარცხვინო განაჩენი“, – განაცხადა ბითაძემ.