მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და დისკრიმინაციული ტიპის დანაშაულების გამოძიებისთვის, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, სპეციალიზებული სამმართველო შეიქმნა
მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და დისკრიმინაციული ტიპის დანაშაულების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სპეციალიზებული სამმართველო 2023 წლის მარტში შეიქმნა. სამმართველოს მიერ გაწეული სამუშაოსა და შედეგების შესახებ საუბარია საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ახალი დანაყოფის ჩამოყალიბება ქვეყანაში პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტების გახშირებამ გამოიწვია, პრაქტიკა აჩვენებს, რომ არაერთ შემთხვევაში დანაშაულის მსხვერპლი და მონაწილე არასრულწლოვნები არიან. შესაბამისად სამსახურმა მის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ამ კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია დაისახა.
სამმართველოს ჩამოყალიბების შემდეგ, გამომძიებლები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის რიგებიდან შეირჩნენ, რომლებიც ამ გამოწვევებისთვის სპეციალურად გადამზადდნენ. სამმართველოს ხელმძღვანელი ვასილ კაკაშვილი კი კონკურსის გზით შეირჩა.
სამმართველო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, შეტყობინებებს როგორც მოქმედი ცხელი ხაზის 199-ის მეშვეობით, ასევე საიტის, ფოსტის ან მოქალაქეთა განცხადებების გზით ღებულობს, თითოეული მოქალაქის კონფიდენციალურობა მკაცრად არის დაცული და დაზარალებულებს მათზე მორგებული გარემო შეეთავაზებათ.
სამსახურმა 2022 წლიდან მოყოლებული, მიმდინარე რეფორმის და აქტიური საგამოძიებო პროცესის ფარგლებში პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის და დისკრიმინაციული ტიპის დანაშაულებზე 332 საქმეზე აწარმოა გამოძიება და დანაშაულში 86 პირი ამხილა.
რაც შეეხება ამ დანაშაულის პრევენციას, სამსახურმა მოქალაქეთა პირადი ცხოვრების დასაცავად ცნობიერების ამაღლების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან, სტუდენტებთან და მოქალაქეებთან საინფორმაციო ხასიათის 100-მდე შეხვედრა გამართა.
განხორციელებულმა რეფორმამ და სამმართველოს ჩამოყალიბებამ, ერთი მხრივ, ხელი შეუწყო ამ ტიპის დანაშაულზე ეფექტიანი გამოძიების წარმოებას, ხოლო მეორე მხრივ, სამსახურს მისცა საშუალება, მთელი დარჩენილი რესურსი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისთვის მიმართოს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის ანგარიში ხელმისაწვდომია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.