ღარიბაშვილზე დიდი შეტევა მზადდება?!

ახალგაზრდა პრემიერზე გლობალური შეტევა იწყება, – ამის შესახებ გაზეთ „ქართულ სიტყვასთან“ ინტერვიუში უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე საუბრობს. ექსპერტი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს „ქართული ოცნების“ ღალატში ადანაშაულებს. ფორჩხიძე არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე პროცესები პრეზიდენტ მარგველაშვილის გადადგომით დამთავრდეს.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობა და უშუალოდ მარგველაშვილის „პლასტელინობა“ უფრო „ნაცმოძრაობის“ საპიარო თემაა, ვიდრე – პრეზიდენტის ჯერ კიდევ ამოუცნობი თამაშის ნაწილი. რთული მისახვედრი არც ისაა, რომ დღეს მარგველაშვილს „ოცნების“ „პლასტელინობაზე“ უკეთ სააკაშვილის „პლასტელინობა“ გამოსდის… საერთოდ, ასეთი ვითარება საკონსტიტუციო კოლიზიების გამო შეიქმნა და როგორც კი საკონსტიტუციო კომისია ამ საკითხებს დაარეგულირებს, პრეზიდენტი იმ „პლასტელინად“ გადაიქცევა, რომელსაც რომელიმე პოლიტიკურ გუნდზე მიწებების უნარი აღარ ექნება და მის მიმართ პოლიტიკური ისტებლიშმენტის ინტერესიც დაიკარგება“, – აცხადებს ფორჩხიძე.
ექსპერტი ქობულეთში მომხდარ ინციდენტს – მედრესეს კარზე ღორის თავის დამაგრების ფაქტზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს პროვოკაცია ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურებოდა.
„ყველაფერი ეს დესტაბილიზაციის შექმნას ემსახურება. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ რელიგიური შუღლის გაღვივება იყო მოსალოდნელი. ეს შუღლი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. პირველი: ქართული მოსახლეობის გახლეჩვა – ღორის თავის ინციდენტი ქართველი მუსულმანებით დასახლებულ რეგიონში მოხდა, რასაც შესაძლოა, აჭარის საზოგადოების დაპირისპირება მოჰყვეს. მეორე მიზანი კი, ეროვნულ უმცირესობებზე იყო გათვლილი – მაგალითად, ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა, რომლებიც ქვემო ქართლში ცხოვრობენ, მომხდარი, შეიძლება, სხვანაირად აღიქვან. ყველაფერი ეს კი, რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა. ისე, თუ დააკვირდით, ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებები მხოლოდ ქართველმა მუფტებმა გააკეთეს“, – ამბობს ექსპერტი.

ფორჩხიძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ფაქტი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მათი ტაქტიკური ინტერესების გადასაწყვეტად გამოიყენოს. კონსტატინე ფორჩხიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი თავის დამკვიდრებას ცდილობს, მაგრამ მას ამის პოლიტიკური რესურსი არ აქვს.

„პრეზიდენტი ოპოზიციაში ვერ იქნება, რადგან გვინდა თუ არა, ლეგიტიმური, ანუ ხალხის მიერ არჩეული ფიგურაა. მართალია, მარგველაშვილი თავის დამკვიდრებას ცდილობს, მაგრამ საამისოდ, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, რესურსები არ აქვს. უბრალოდ, პრეზიდენტი მარგველაშვილი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას იმისთვის სჭირდება, რომ მისი დახმარებით საკუთარი ინტერესი გაატაროს. ყველაფერი ეს ახალგაზრდა პრემიერსა და იმ პოლიტიკურ გუნდზე შეტევაა, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს. მარგველაშვილი სწორედ ამ შეტევის ნაწილია“, – ამბობს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები