აკაკი ასათიანი: ივანიშვილმა დიდი პრეცედენტი შექმნა, თანამდებობას არ ჩაბღაუჭებია
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში დიდი პრეცედენტი შექმნა, რადგან ის თანამდებობას არ ჩაებღაუჭა, – ამის შესახებ გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ტრადიციონალისტთა“ ლიდერმა აკაკი ასათიანმა განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობა არ მოინდომა და ყურადღება პრემიერ-მინისტრობაზე გაამახვილა.
„ივანიშვილი სხვანაირი ცხოვრების კაცია, მდიდარია, მისი დღის რეჟიმი სულ სხვანაირია. სხვანაირად მუშაობდა ის სამყარო, სადაც ის იყო, ბიზნესს ვგულისხმობ. სულ სხვანაირი დამოკიდებულებები ჰქონდა. ასე გამუდმებულ რეჟიმში ყოფნა თან ასეთ გაჭირვებულ ქვეყანაში, ცოტა რთული იყო მისთვის, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მან დიდი პრეცედენტი შექმნა. დავანებოთ თავი იმას, რომ არჩევნები მოიგო და მშვიდობიანად გადაიბარა ხელისუფლება. ეს დიდი ისტორიული ამბავია, მაგრამ ის, რომ პრეზიდენტობა არ ინდომა და სწორედ პრემიერ-მინისტრობაზე გაამახვილა ყურადღება, რის შემდეგაც პოსტიდანაც წავიდა, პრეცედენტია იმის, რომ თანამდებობას არ ჩაბღაუჭებია“, – აცხადებს „ტრადიციონალისტთა“ ლიდერი.
აკაკი ასათიანის შეფასებით, ივანიშვილს კრიტიკული გამონათქვამები აქვს, მაგრამ არავის უპირისპირდება.
„იგივე პრესასთან დაკავშირებით რომ ატყდა ერთი ამბავი, მისი კრიტიკული გამონათქვამები, წინა პერიოდისგან განსხვავებით, არ ნიშნავს ფიზიკურ მოქმედებებს. ეს არ არის მუქარა, ეს არ არის მერე პრობლემების შექმნის მცდელობა პრესასთან დაკავშირებით. თამაშის წესია, რომ ასე უნდა იყოს, ეს არის პრესის როლი და ეს ცნობილია, იცის პოლიტიკოსმა, ნებისმიერმა ჟურნალისტმა, რომ იდეალურ ხელისუფლებასაც უნდა უძებნიდეს საკრიტიკოს“, – აცხადებს ასათიანი.