რატომ არის ადამიანი ბუნების გვირგვინი ანუ 16 „უჩუბჩიკო” წელიწადი 

დღეს თენგიზ მირზაშვილის (1934-2008) 90 წლისთავს აღნიშნავს მადლიერი საქართველო. კარგია, რომ ის ახსოვს გალერეა „ვერნისაჟს” და საიუბილეო გამოფენას უმართავს. მჯერა, ისევ ბევრს ახსოვს „ჩუბჩიკა” და სიამოვნებით გაუწევთ გული მის გამოფენაზე, საქართველოს სიყვარულს რომ ასხივებს… ეს პატარა სურათები მხატვრის სულის ფანჯრებია, საიდანაც ჩვენ ვჭვრეტთ „უთვალავი ფერით“ მადლმოსილ ქვეყანას, მის იდუმალებით მოცულ ბუნებას და ადამიანებს, რომლებიც მთის მოჟრიამულე ყვავილებივით შეჰფენიან დედამიწის გულისპირს და სიცოცხლის მარადიულ დღესასწაულს გვაუწყებენ.
თენგიზ მირზაშვილი იყო რუსთველის, ფიროსმანის და გალაკტიონის ღირსი თანამედროვე ქართველი! მართალია, მას არცერთი მათგანის პრემია არ მიუღია სიცოცხლეში, მაგრამ საკუთარი მხრებით მუდამ გრძნობდა იმ ტვირთის სიმძიმეს, რასაც ასეთი ადამიანების მემკვიდრეობა ითხოვს. სამივე მათგანის გაბრწყინებისთვის, მათი ჭეშმარიტი სიმაღლის გასაცნობიერებლად და ჩვენი მომავლის მარადიულ თანამგზავრებად მათი გადაქცევისთვის მირზაშვილი ყოველდღე ირჯებოდა, იხარჯებოდა სიტყვით და კალმით.
თენგიზ მირზაშვილმა როგორც მოაზროვნემ და მოღვაწემ უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. უფრო სწორად, იმ გაუგონარი უსამართლობის წინაშე, რაც ჩვენს ისტორიოგრაფიას და ხალხის მეხსიერებას დაატეხეს თავს საბჭოთა ეპოქის თანახმიერმა ავტორიტეტებმა…
ეს ბალასტი იყო გასაწმენი და გადასაფასებელი. „ავგიას თავლის” გაწმენდაში დიდი ენთუზიაზმი არ დასტყობიათ ჩვენს მაშინდელ წამყვან და მძლე ხმებს მეცნიერებასა თუ კულტურაში. მათი უმეტესობა ირონიით, ამრეზით და ზიზღით უცქერდა თენგიზ მირზაშვილის პრინციპულ პოზიციას და მას არამკითხე მოამბედ და დილეტანტად მიიჩნევდა.
დრომ კი რა დაადასტურა? ვის სასარგებლოდ „გაისარჯა”? თენგიზ მირზაშვილი გამარჯვებული გამოვიდა ამ უთანასწორო ბრძოლიდან, შეიძლება ითქვას, რომ მან მარტო აჯობა საბჭოთა „ბრონეჟილეტიან” მეცნიერ-აკადემიკოსთა მთელ კორპუსს. ის იყო უებრო მეომარი, რომელიც მიწყივ შეწუხებული იყო თავისი ქვეყნის უკუღმართი ბედით, სიმართლის და სინათლის გზაზე მის გასაყვანად არ დაჰკლებია ქილიკი და „კბილთა ღრჭენა”, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ერთი კაცის სიმართლემ გაანათა წყვდიადი და გააჩინა იმედი, რომ ბოროტება მარად ვერ იმძლავრებს. მისი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი შემთხვევით არ ყოფილა შექსპირის „ჰამლეტი” (მოსკოვის წამყვან თეატრში, ლიდერი რეჟისორის „ჰამლეტის” სცენოგრაფია და კოსტიუმებიც სწორედ მისი შექმნილია).
როგორც განგებამ არგუნა ჰამლეტს დარღვეულ დროთა კავშირის შეერთება, დაახლოებით ასეთი უსიამოვნო მისია ერგო ეპოქათა მიჯნაზე თენგიზ მირზაშვილსაც, პროფესიით მხატვარს და ბუნებით სამართლიან ადამიანს, რომელსაც ჟამის დღესავით სძაგდა ყველანაირი სიყალბე და უსამართლობა.
ჩუბჩიკა გულმხურვალე იყო სხვისი ნიჭისა და ალალი შრომის შემჩნევასა და დაფასებაში. აბა ვინ იცოდა მანამდე ეთერ და ლელა თათარაიძეების, ანდა ივანე წიკლაურისა და ნათელა ზვიადაურის სახელები? ვინ გაუმართა პირველი პერსონალური გამოფენა 5 წლის რუსუდან ფეტვიაშვილს? ანდა ვინ იყო მხატვარი ვანო მელიაშვილი ან დიდი ისტორიკოსი ანტონ ნატროშვილი? რას წარმოადგენდა სოფელი ძალისი და მისი რომაული მოზაიკა? რად იყო მნიშვნელოვანი თხოთის მთა ან სოფელი წილკანი და მისი ღვთისმშობლის ხატი საქართველოსთვის?
თენგიზ მირზაშვილს ჰყავდა მეგობართა უფართოესი წრე, ბუნებით გულჩათხრობილი ჩანდა და იფიქრებდი, მარტოობაში უფრო კომფორტულად უნდა ეგრძნო თავი, მაგრამ არა, ის ხმაურსა და ადამიანებთან ხშირ ურთიერთობებში უკეთ გამოხატავდა საკუთარ თავს. მას უდიდეს სიხარულს ანიჭებდა ახალი ადამიანის გაცნობა. უტყუარი გუმანი ჰქონდა კარგი ადამიანების შეკრებისა და მათი დამეგობრებისა.
სახლი ქიაჩელის ქუჩაზე და სახელოსნო ვაკის პარკთან, ენგურჰესის კორპუსის მეათე სართულზე, ეს იყო ყველაზე მაგნიტური მიზიდულობის ადგილი მთელ თბილისში. არაერთი პოეტის, მხატვრის, მთარგმნელის, მუსიკოსის, მეცნიერის, ჟურნალისტის, რეჟისორის, არტკრიტიკოსის, ფოტოგრაფის გადაკვეთის ადგილი იყო ეს მისამართები. ბევრ მათგანს მთელი შემდგომი ცხოვრება გაუნათა და შინაარსით აუვსო ამ კონტაქტებმა, იქ დატრიალებულმა სიკეთის ნაყოფმა ასმაგად იმრავლა…
გავცქერი უჩუბჩიკოდ ჩავლილ 16 წელიწადს და მგონია, რომ მის გარეშე ძალიან ბევრი რამ აკლია საქართველოს, ახალი აზრები და განხორციელებული იდეები გაიშვიათებულა 21-ე საუკუნის თბილისში.
ჩვენ აღარ გვაქვს ოდითგან ქებული და საყოველთაოდ აღიარებული ბავშვთა სურათების გალერეა. დღემდე ვერ ავასრულეთ თენგიზ მირზაშვილის ოცნება, ყოფილიყო თბილისში ფიროსმანის ყველა სურათის გამოფენა ერთ ჭერქვეშ!
მას მუდამ ცინცხალი აზრები და ამოუწურავი სურვილები გააჩნდა, სულ მათ ხორცშესხმასა და ადამიანთა სულების გასახალისებლად ზრუნავდა, უნდოდა მეტი ახალი საგამოფენო სივრცე ყოფილიყო თბილისში, ასევე რეგიონებში, უნდოდა ეს ქვეყანა თანაბრად ყოფილიყო განებივრებული კულტურით და სულიერებით.
სიღნაღი, თელავი, ყვარელი, ახმეტა, ალვანი, ომალო, დუშეთი, თიანეთი, მცხეთა, მესტია, შუახევი, ყაზბეგი, წყალტუბო, ვანი, ზუგდიდი, მარტვილი, ცაგერი, გორი, ბოლნისი, უფლისციხე, დავით-გარეჯა და ვარძია თანაბრად აღელვებდა და ეძვირფასებოდა. იქ ისეთი გულსავსე და მგრძნობიარე ადამიანები ცხოვრობენ, განა მათ სხვანაირად ეკადრებათო!
თენგიზ მირზაშვილის სულის კრიალოსანი შეიძლება უწოდო წიგნს, რომელიც იგი სიცოცხლის ბოლო წლებში ამზადებდა და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა ქართველი მეცენატის მიერ მოსკოვში და რის ვაი-ვაგლახით ჩამოაღწია საქართველოში. არ ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება ქალბატონ მანანა თავაძის მიმართ, ვინც ღირსად ჩამთვალა, მქონოდა ეს სასწაულებრივი წიგნი. მსგავსი წიგნები იშვიათი მოვლენაა.მე ვისურვებდი, რომ ჩუბჩიკას 100 წლისთავზე ეს წიგნი კვლავ გამოიცეს, რათა ყველა ოჯახში დაიმკვიდროს საპატიო ადგილი. ასეთი წიგნებით ჩანს, თუ რატომ არის ადამიანი ბუნების გვირგვინი.
ასეთი მრავალფეროვანი ინტერესებით, ასეთი უკიდეგანოდ ფართო და მრავალფეროვანი სულიერი სამშვინველით იცხოვრო, აი ეს არის სავსე ცხოვრება, როგორიც ჰქონდა თენგიზ მირზაშვილს. ვინც ამ წიგნის ფურცლებს გადახედავს, მიხვდება რას ნიშნავს აზრიანად განვლილი წუთისოფელი. თუ შენს გულსა და გონებაში ამდენი რამ გაივლის და დამკვიდრდება, თუ ამხელა საგანძურს იტევს შენი ამქვეყნიური მყოფობა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენს შემდგომ მავალნი გაცილებით სრულყოფილ და მაღალი სულის ადამიანებად იქცევიან!
შარშან, დეკემბრის მოღუშულ დღეს ვეწვიე „ჩუბჩიკას“ საფლავს დიდუბის პანთეონში და მისი საფლავიც ანდერძია. მისი თავშეკავებული და სადა გადაწყვეტა ნამდვილი ქართული ბუნების გამოხატულებაა, რაც თანამედროვე საქართველოში როგორც ჩანს აღარ არის მიმზიდველი. დააკვირდით ქართულ საფლავებს, რამხელა უგემოვნობას და მარმარილოს ლოდებით თავმოწონებას გახსნია ასპარეზი?
თანამედროვე ქართული ოჯახები უკანასკნელ სარჩო-საბადებელს დებენ ამ ძვირფას ქვებში. კი კარგია მიცვალებულთა პატივისცემა, მაგრამ როცა მთელი ქვეყანა ქცეულა უთავსახურო სახლად, ცოტა არ იყოს კომიკურად გამოიყურება მსგავს ფუფუნებას გამოდევნება. თენგიზ მირზაშვილი აქაც თავის სიმაღლეზეა, უბრალოდ და უშფოთველად იცხოვრა და უკანასკნელი სავანეც ასეთი მოისურვა…
რეზო ინანიშვილის, გოდერძი ჩოხელის, ზინა კვერენჩხილაძის, მერაბ კოსტავას ლევან გოთუას და სხვა დიდ ქართველთა მსგავსად რამდენი სულიერი საბოძვარი გასცა უანგაროდ თენგიზ მირზაშვილმა? ასეულობით ადამიანი გაიხსენებს მის სიქველეს და პირმტკიცობას, რითაც ფასდება კიდეც ადამის ძის ამქვეყნად ყოფნის ავტოგრაფი! იგი დარჩება ფეხაკრეფით, უჩუმრად მოსიარულე სიკეთედ, რომელიც საქართველოს ცის თაღს მუდამ თავს დასტრიალებს და თებერვლის თვეში მის მთა-ბარს იისფერ თოვლად ევლინება…

 

 

 

 

 

 

 

 

 

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები