“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არასოდეს, არცერთ ქოლ-ცენტრში არ არის ნამყოფი” – რას ამბობენ ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე დაკავებული 7 პირის აღმკვეთი ღონისძიების განხილვა დაიწყება. პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი შემხებლობა მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან არ აქვს. ის არასოდეს, არცერთ ქოლ-ცენტრში არ არის ნამყოფი, არ იცნობს სხვა დაკავებულ პირებს. შესაძლოა, საქმეში გამოყენებული იყოს მისი პირადი მონაცემები ან მასთან დაკავშირებული რომელიმე კომპანია. გარდა ამისა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დადგინდეს, მისი შემხებლობა ამ საქმეში ნამდვილად არ არის,” – განაცხადა ადვოკატმა.

კიდევ ერთი ადვოკატი, დავით ბარბაქაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს დანაშაულთან შემხებლობა არ აქვთ.

“როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ყველა დაკავებულს წარდგენილი აქვს ბრალდება თაღლითობის მესამე და მეოთხე ნაწილი, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზება. მე ვიცავ ქალბატონ ელზა დვალს და ნონა ფარეხელაშვილს. ქალბატონი ელზა საქართველოში იმყოფებოდა ტურისტულად, იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და არანაირი შემხებლობა არ აქვს ამ კომპანიებთან, ხოლო რაც შეეხება ქალბატონ ნონას, ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა ოფის-მენეჯერის თანამდებობაზე. არცერთი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს იმიტომ, რომ არანაირი შემხებლობა არ აქვთ”, – აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები