“ჩვენ ვაკვირდებოდით დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას და უკვე კარგად ვიცით, ვის აზრს ითვალისწინებს, მათ რიგებში კი ჯო უილსონი არ წერია” – მაჭავარიანი

“ჩვენ ვაკვირდებოდით დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას და უკვე კარგად ვიცით, ვის აზრს ითვალისწინებს, მათ რიგებში კი ჯო უილსონი არ წერია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც მაჭავარიანი ამბობს, მას არ ჰგონია, რომ ტრამპი ბატონ უილსონს უსმენს.

“ჩვენ ვაკვირდებოდით ბატონი ტრამპის საარჩევნო კამპანიას და უკვე კარგად ვიცით, ვინ არის ტრამპის გარემოცვა და ჩვენ კარგად ვიცით, ვის აზრს ითვალისწინებს. მათ რიგებში, რომ ჯო უილსონი არ წერია, ეს ყველამ კარგად ვიცით. ჯო უილსონი არის პიროვნება, რომელიც პირდაპირ ტელეკომპანია „ფორმულასგან“ ფინანსდება. ძალიან საინტერესო იქნება ამერიკაში მოქმედი „ფარას“ კანონის გამოქვეყნება ამ წელთან დაკავშირებით, საქართველოდან რა თანხა ჩაერიცხა ბატონ ჯო უილსონს ლობირებისთვის.

ჩვენ წინა წლის მონაცემები ვიხილეთ და კონკრეტულ თანხებზე იყო საუბარი. მისი დილა თენდება იმით, რომ საქართველოზე რაღაც უნდა დაპოსტოს და საქართველოს დღეში შვიდ თუ რვა პოსტს უძღვნის. არ მგონია, საქართველოთი ასე ობიექტურად დაინტერესებული იყოს. ჯო უილსონს სუბიექტური მერკანტილური ინტერესები ამოძრავებს და მისი განცხადებები ჩვენთვის სერიოზულ განხილვის საგანს არ წარმოადგენს. ჰელსინკის კომისიის პირველი სხდომა, რომ ჩანიშნა ჯო უილსონმა ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, იქ ბატონი შალვა ნათელაშვილის წერილი წარმოგვიდგინა ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად, შემდეგ ეს წერილი ოქმს დაურთეს, ეს კი მის სერიოზულობაზე მეტყველებს. გააგრძელოს ბატონმა უილსონმა მოღვაწეობა ამ მიმართულებით, ეს ჩვენ ხელს არაფერში არ შეგვიშლის“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები