სადახლოზე მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო”, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, კინოლოგ ოფიცრისა და თამბაქოს ნაწარმის აღმოჩენაზე გაწვრთნილ სამსახურებრივ ძაღლთან ერთად განხორციელებული კონტროლის პროცედურების ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, ჯამში – 10 000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.