რატომ ვირჩევთ კონფორმიზს?
ამერიკელი აფროამერიკელი მწერალი ჯეიმს ბოლდუინი 80-იან წლებში წერდა: „ამერიკის (მსოფლიოს) უმთავრესი სურვილია, ყველა მოქალაქე ერთმანეთს დაემსგავსოს, ასე ადვილია მართვა!“
„დინებას მკვდარი თევზებიც მიუყვებიან“ – (1965) ჯიმ ჰაიტაუერი.
კონფორმიზმს აგერ უკვე საუკუნეზე მეტია, იკვლევენ ფსიქოლოგები და ყველა სკოლა თავის საინტერესო და შესაძლოა საკამათო აზრსაც გვთავაზობს, თუმცა, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ჩანს, მასების მართვა და გლობალური ბაზრის კონტროლი ვიღაცებისთვის ამ ნაწილში ყოფილა განსაკუთრებით საინტერესო. ჩვენი მიდრეკილების გამო, ვიყოთ კონფორმისტები, ადვილად ვემორჩილებით საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკასაც და მაგალითად I Phone ერთნაირად შეიძლება „მოსწონდეს“ ლოსანჟელესელ მეთიუსაც, პეკინელ ჟონსაც და აფრიკელ მასაის ტომის უმუნგასაც.
აღმოჩნდა, რომ კონფორმიზმი ჩვენს ბუნებასთან და აღზრდასთან, ასევე სოციალურ სტატუსთანაა კავშირში (მაგალითად, უმეტეს საზოგადოებებში, ძალიან მაღალ და ძალიან დაბალ სოციალური სტატუსის მატარებელ ადამიანს შეუძლია თავს უფლება მისცეს და უმრავლესობისგან განსხვავებული აზრი გამოთქვას) და როგორც წესი, „შეგუებას“ ყველაზე უფრო ხშირად საშუალო სოციალური ფენის წარმომადგენლები ექვემდებარებიან (მართვაში ეს საინტერესო ფენომენია, ძალიან მდიდარი ან ძალიან გაღატაკებული საზოგადოების მართვისას სადავეების ხელიდან გაქცევა უფრო მოსალოდნელია, რაოდენ პარადოქსულიც გინდა იყოს).
თურმე, ადამიანი თავის კონფორმიზმს საჯარო სივრცეში უფრო მეტად ავლენს, ვიდრე სახლში, მაგიდასთან ხელების ბრახუნისას. ამის მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის, ისიც, რომ ჩვენ საჯაროდ ხმის ამოღების გვრცხვენია ან უბრალოდ, მასა, ოდენობა ზემოქმედებს ჩვენზე (ამ მხრივ, საინტერესო დაკვირვება არსებობს, ევაკუაციისას ან რიგში შუა ნაწილს უფრო ვეტანებით, ვიდრე კიდეებს და ეს ჯოგურ ინსტინქტთანაა ახლოს, ასე გადარჩება მსხვერპლი მასზე დევნისას).
უმეტესობა ჩვენგანი საზოგადო აზრს ვემორჩილებით სწორედ ჯგუფის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე და ძალიან საინტერესო ფენომენია, როგორ ვირჩევთ ხოლმე ამ ჯგუფებს – როგორც წესი, ადამიანი ემხრობა გამარჯვებულს. დამარცხებული ეცოდება, მაგრამ ურჩევნია ეს ანონიმურად გააკეთოს, ვიდრე ღიად. მრავალჯერადი დამარცხება კი პოტენციური მომხრეებისგან გაბრაზებას, იმედგაცრუებას და შიშს იწვევს. ავტორიტარული ხელისუფლებები ამ ნაწილში კარგად იყენებენ Fake ოპოზიციის იდეას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ოპოზიცია უნდა მივიდეს რაღაც კრიტიკულ ზღვრამდე, აიყოლიოს მასა და შემდეგ დაეშვას ფსკერზე, რითაც მუხტის საბოლოოდ მოკვლას ახერხებს რამდენიმე წლით მაინც. (აქ საინტერესო ჩანართი არსებობს – იმისათვის, რომ უმცირესმა ჯგუფმა უმრავლესობაზე იმოქმედოს, მისი პოზიცია უნდა იყოს მუდმივმოქმედი და ერთგვაროვნად მწყობრი, არსებითი ცვლილებების გარეშე (მაგალითად იდეა: „დაინგრეს საბჭოთა კავშირი“ ყოველგვარი ზედმეტი გადახრების გარეშე პროტაგონისტების ცვლის მიუხედავად შედგა, როგორც მანამდე: „დაემხოს მეფის რეჟიმი. რევოლუცია!“)
რატომ ვირჩევთ კონფორმიზს? გარდა გადარჩენის ინსტინქტისა, ჩვენში მოქმედებს სამი ფუნდამენტური მოთხოვნილება 1. არ დავრჩეთ მარტო. 2. მოვეწონოთ სხვას 3. ვიყოთ მართალი.
კონფორმიზმის მორევში ადვილად ვეფლობით, თუ ჩვენზე მეტად ინფორმირებულად და კომპეტენტურად ჩავთვლით სხვას, ვისაც „მივანდობთ“ საკუთარ გადაწყვეტილებებს ავტორიტეტის იდეით გამართლებულს (მღვდელია და მაგან უკეთესად იცის, ვცხონდები თუ არა. ხელოსანია და არ შეეშლებოდა. სამხედროა და ზუსტად იცის, რას აკეთებს და ა.შ.)
ძალიან საინტერესო ფენომენია კონფორმიზმთან დაპირისპირებული მცირე ჯგუფის ფენომენიც. მაგალითად, მე სკოლის ფორმას არ ჩავიცვამ, არ მინდა ვგავდე სხვას! – ამბობს მოსწავლე და აცვია ამ იდეით შეპყრობილ სხვა მოსწავლეებისნაირად (რაც დასაწყისში მეწერა, ასე მართავს მოდის ინდუსტრია ჩვენს ჯიბეებს)
რაც უფრო დაბალი ან მაღალია ჩვენი თვითშეფასება, მეტად კონფორმისტებიც ვხდებით, ძლიერი „მე“-ს მქონე ნატურა კი, ადვილად ახერხებს „არას!“ თქმას.
რაც უფრო ინდივიდუალისტურია კულტურა, ნაკლებ კონფორმულია ხალხი, რაც უფრო კოლექტიური და ნაციონალისტურია ეროვნული ცნობიერება, მით მეტად მორჩილები ვხდებით.
თქვენ ხართ კონფორმისტი?
გურამ მეგრელიშვილი