დავით უსუფაშვილი წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფი წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანი, არქიეპისკოპოსი დომინიკ მამბერტი მიიღო. პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველო-ვატიკანის ურთიერთობებს შეეხო და აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური კავშირები 22 წლის წინ დამყარდა, საქართველო და ვატიკანის ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის. მხარეებმა საზოგადოების განვითარებაში რელიგიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ამ საკითხთან დაკავშირებით, დომინიკ მამბერტმა წინა რომის პაპის, ბენედიქტე XVI-ს ციტატაც გაიხსენა და განაცხადა, რომ „შეუძლებელია საზოგადოება ააშენო რელიგიის გარეშე“.
დავით უსუფაშვილმა მადლიერება გამოთქვა იმ დახმარებისთვის, რასაც ვატიკანი საქართველოს მისამართით ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რომის პაპრმა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოსახლეობას ფულადი დახმარება გაუწია. მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ ვატიკანი ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის საგარეო პოლიტიკურ კურსს.
შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური მნიშვნელობის საკითხებზეც გაამახვილეს ყურადღება, რომლის დროსაც აღინიშნა, რომ აუცილებელია მოიძებნოს პრევენციული მოქმედებების უფრო ეფექტური გზები, რათა საერთაშორისო საზოგადოება საფრთხეებისგან დაცული იყოს. დომინიკ მამბერტი საქართველოს პირველად ეწვია, თუმცა წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, მან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან როგორც ვატიკანში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმების ფორმატში, არაერთი შეხვედრა უკვე გამართა.