კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის მტერი დაასახელა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ფხენიანი სამხრეთ კორეას „მთლიანად გაანადგურებს“, თუ ის ქვეყნის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს.

ამის შესახებ მან თავდაცვითი საწარმოს მონახულების დროს თქვა, – იტყობინება სააგენტო KCNA.

კიმ ჩენ ინის თქმით, სამხრეთ კორეის ხელისუფლება თითქმის 80 წლის განმავლობაში ინარჩუნებს კონფრონტაციის პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს ჩრდილოეთ კორეის რეჟიმისა და სისტემის დამხობას.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფხენიანი სამხრეთ კორეას ყველაზე მტრულ სახელმწიფოდ აღიქვამს.

კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეამ „ეს გარდაუვალი, შეუქცევადი რეალობა უნდა აღიაროს“ და სათანადო რეაგირება მოახდინოს. მისი თქმით, ქვეყანამ თავდაცვისა და შემაკავებელი ძალების გაძლიერება პრიორიტეტად უნდა აქციოს.

„არ მივცემთ უფლებას კორეის რესპუბლიკას, გაბედოს ძალის გამოყენება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ან საფრთხე შეუქმნას ჩვენს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა და დასძინა, რომ მზად არის, უყოყმანოდ მოახდინოს არსებული საშუალებების და ძალის მობილიზება, რათა სამხრეთ კორეა მთლიანად „გაანადგუროს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები