პრემიერ-მინისტრი: ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ კიდევ აქვთ მოსასმენი საშუალებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ კიდევ აქვთ მოსასმენი საშუალებები. პრემიერის თქმით, სხვა თემებთან ერთად აღნიშნულ საკითხზეც ბიძინა ივანიშვილმა “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ზუსტი აქცენტები დასვა.
“არა მხოლოდ მე, არამედ ჩვენმა მთავრობამაც საზოგადოებას განვუმარტეთ, რომ საუბარია მოსასმენ საშუალებებზე, რომელიც იქნა შეძენილი და შემოტანილი წინა მთავრობის დროს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და დიდი ვარაუდი არსებობს იმისა, რომ ჯერ კიდევ მათ ხელშია ეს საშუალებები. ამაზეა საუბარი და ამაზე ჰქონდა მინიშნება ბატონ ბიძინას. ეს არის ე.წ. გადასატანი პორტატული აპარატურა. ზოგადად მოსმენები დღევანდელ მსოფლიოში არის ძალიან გამარტივებული. იგივე მობილურ ოპერატორებს შეუძლიათ მოსმენა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. იგივე შეუძლია ხელისუფლებას, თუ მას პოლიტიკური ნება აქვს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილსაც უსმენენ თუ არა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მას არ სურს გაიმეოროს ის, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში ისაუბრა.
“მან ძალიან კარგად და მკაფიოდ განმარტა, რომ იყო საუბარი ერთ-ერთ მის იდეაზე, რომელიც არავინ იცოდა და რამდენიმე ხანში “ნაციონალური მოძრაობის” აქტიურმა მხარდამჭერებმა, სახელს და გვარს არ დავასახელებ, მათმა ერთ-ერთმა ტელევიზიამ მოახდინა ამის შესახებ განცხადების გაკეთება”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.