ირაკლი ღარიბაშვილი: პრეზიდენტთან ურთიერთობების ამგვარ გაუარესებას არ მოველოდი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილი, თვითონაც არ მოელოდა პრეზიდენტთან ურთიერთობების ამგვარ გაუარესებას. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისადმი გამოთქმული კრიტიკის კომენტირებისას განუცხადა. პრემიერის თქმით, აღნიშნულ საკითხს ძალიან განიცდის. ირაკლი ღარიბაშვილის სჯერა, რომ საბოლოოდ ყველაფერი დარეგულირდება.
“მე ძალიან განვიცდი ამ საკითხს. რომ გითხრათ, ძალიან ბევრს ვფიქრობ, მოგატყუებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამწუხაროა ის, რაც ხდება, რაც ვიხილეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ისევე, როგორც ბატონი ბიძინა, არც მე არ მოველოდი ურთიერთობების ამგვარ გაუარესებას, მაგრამ თუ ყველა თავის საქმეს გააკეთებს და ერთმანეთს, როგორც მინიმუმ, ხელს არ შევუშლით, ეს ყველაფერი დარეგულირდება. მე მჯერა, რომ პრეზიდენტიც, პარლამენტიც, მთავრობაც, სასამართლოც, მედიაც, – ყველანი ვიმუშავებთ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში. თუ ყველა გავაკეთებთ ჩვენს საქმეს, მჯერა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება. ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ჩავერიოთ. ეს არის ყველაზე მთავარი. თუ ჩავერევით ერთმანეთის საქმეებში, მაშინ ხდება კონფლიქტი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რითაც ივანიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც გიორგი მარგველაშვილს არ აქვს კომუნიკაცია არც მთავრობასთან და არც პარლამენტთან და თავისი ამბიციების გამო სასაცილო ხდება.