რას უნდა შეეგუოს გიორგი მარგველაშვილი – „პრეზიდენტის ზოგიერთი საქმე მიუღებელი იყო“
გიორგი უნდა შეეგუოს იმას, რომ ხშირ შემთხვევაში მას მისივე თანაგუნდელები გააკრიტიკებენ. ამის შესახებ კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დავით საგანელიძე გაზეთ “პრაიმტაიმთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. მისივე აზრით, გიორგი მარგველაშვილი ახალ კოალიციაში არავისთან არ შევა.
“ვფიქრობ, გიორგი მარგველაშვილი ახალ კოალიციაში არავისთან არ შევა, ორი მიზეზის გამო: დარწმუნებული ვარ, გიორგი მარგველაშვილი არასოდეს გამოვა ინიციატივით, რომ დაუპირისპირდეს იმ ძალას, რომელმაც ის პოლიტიკურ არენაზე გამოიყვანა და მაქსიმალური საშუალება მისცა, საკუთარი პოტენციალი გამოემჟღავნებინა. ასეთი ნაბიჯის გადადგმის უფლებას არ მისცემს მისი ზნეობრივი, მორალური, ადამიანური თვისებები. მეორე – გიორგი მარგველაშვილი არ არის აგრესიული პოლიტიკური ვამპირი, რომელიც ცდილობს, მის გარშემო შემოიკრიბოს პოლიტიკური ძალები და ვინმეს დაუპირისპირდეს. მის გუნებაში არ არის ის, რომ ხვალ სხვა ძალის პოლიტიკურ ლიდერად გადაიქცეს. გიორგი მარგველაშვილი დღეს არ არის პოლიტიკური ძალის ლიდერი“, – აცხადებს საგანერლიძე.
მისივე შეფასებით, მარგველაშვილს ზოგიერთი ქმედება მიუღებელია.
„ჩემთვის პრეზიდენტის ზოგიერთი ნაბიჯი, ზოგიერთი ქმედება, ზოგიერთი საქმე მიუღებელი იყო. იგივე სააკაშვილის რეზიდენციაში შესვლა, გარკვეული კანონების მიმართ დამოკიდებულება, თუნდაც იგივე გაეროში წასვლა. მიმაჩნია, რომ მარგველაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ამერიკაში აღარ წავიდა. თუმცა მან აქაც სიტყვა „ვიზიტის ჩაშლა“ გამოიყენა და ესეც არ იყო სწორი. გიორგი უნდა შეეგუოს იმას, რომ ხშირ შემთხვევაში მას გააკრიტიკებენ მისივე თანაგუნდელებელი, არა მგონია მან ეს გზა ისე გაიაროს, რომ ხვალ „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდეს. შეიძლება ეს ვიღაცებს ძალიან უნდათ, მაგრამ ეს არ მოხდება“, – აცხადებს დეპუტატი.
მისივე თქმით, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ძალიან სერიოზული უთანხმოება და გაურკვევლობაა. საგანელიძე ამ გაურკვევლობის და მისი მოუგვარებლობის მიზეზებზეც სასაუბრობს.
„დაპირისპირება არ ჰქვია ამას, თუმცა, რა თქმა უნდა, უთანხმოება და გაურკვევლობა არის და საკმაოდ სერიოზულიც. ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამაა – როდესაც მიხეილ სააკაშვილი ასრულებდა საპრეზიდენტო ვადებს, მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრემიერ-მინისტრის სავარძელში გადამჯდარიყო და მთელი უფლებამოსილებები თან გადაეყოლებინა. მან კონსტიტუციაში ისეთი ჩასწორებები მიიღო, რაც, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი და ადეკვატური. შედეგად კი მივიღეთ კონსტიტუცია, რომელშიც სრულიად არეულია როგორც საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ასევე სახელისუფლებო ფუნქციები. სასამართლოზე აღარაფერს ვამბობ. რეალურად კონსტიტუცია ვერ მიჯნავს ფუნქციებს. ზოგ თემაზე, ბატონი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მის ფუნქციებში შედის, თუმცა, თუ კარგად წაიკითხავ კონსტიტუციას, იქ ისიც ჩანს, რომ ეს კონკრეტული ფუნქცია სწორედ პრემიერ-მინისტრის ფუნქციაა. რაკი გამიჯვნა სწორად არ არის გაკეთებული, ხდება შეუთავსებლობა, ტერმინ „ინტერესთან კონფლიქტს“ არ გამოვიყენებ.
ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ეს უცხოა, რადგან ისინი წლების განმავლობაში მიჩვეულები იყვნენ, რომ, რასაც სააკაშვილი იტყოდა, ისე უნდა ყოფილიყო. საზოგადოებას ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება ხელისუფლების ორ შტოს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყოს. ამის მიზეზი არის კონსტიტუცია. აგიხსნით, რატომ ვერ მოხერხდა კონსტიტუციაში ხარვეზების გამოსწორება. კონსტიტუციაში ბევრი არანაკლებ მნიშვნელოვანი ლაფსუსი იყო, ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. კონსტიტუცია რომ შეცვალო, ამას სერიოზული დრო სჭირდება. მისი ნაჩქარევი ცვლილებები საზოგადოებაში ეჭვს გააჩენდა, იტყოდნენ, ნაციონალების შემდეგ ახლა ესენი ირგებენ საკუთარ თავზეო. ცვლილებებს საჯარო განხილვები და საზოგადოებისთვის კარგად ახსნა სჭირდება. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო, მარტივად მოგვეპოვებინა საკონსტიტუციო უმრავლესობა და შეგვეცვალა, მაგრამ არ ვიკადრეთ უმცირესობის წევრებთან ვაჭრობა. იყო შემოთავაზებები უმცირესობიდან, თუ გინდა ჩემი ხმა მიიღო, მოდი, ეს პრობლემა მოგვიგვარეო… ჩვენ ვიღაცის გაფუჭებულ საქმეზე თვალს ნამდვილად არ დავხუჭავთ იმის სანაცვლოდ, რომ უმცირესობის წევრების ხმა მივიღოთ კენჭისყრაზე. ეს ხომ მათი ცხოვრების წესი იყო. მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, თუ გინდა ამა და ამ კანონზე ხმის მიცემას დავაჭირო ხელი, ეს დამითმე, ან ამაზე დახუჭე თვალიო. ჩვენ მათი უნამუსობა არ ვიყიდეთ, არანაირ დათმობასა და არანაირ კომპრომისზე, ოღონდ მათი ხმები მიგვეღო, არ წავსულვართ, თორემ როგორმე თოთხმეტ ხმას გადმოვიყვანდით ჩვენკენ. ახლა კი გაიძახიან, აი, როგორი შეკრულები და ერთიანი გუნდი ვართო… დამერწმუნეთ, ასე არ არის. ადრე თუ გვიან, კონსტიტუციაც შეიცვლება და ჩვენ მივაღწევთ ამას სამართლიანად“, – განმარტავს დავით საგანელიძე.