როგორ ემზადება ირაკლი ალასანია პრემიერობისთვის?!
კადრების დანიშვნა-დაწინაურების საკითხში აქტიურად არის ჩართული თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „კვირის ქრონიკა“ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, თავდაცვის მინისტრი კვოტებს ითხოვს.
„მოკლედ, გული მერევა რა ამ უტრაკობის შემყურე, ფუჰ! მაგალითად, ალასანიას კვოტა მოუთხოვია, თბილისის გამგებლის ერთი მოადგილე ჩემი კაცი უნდა იყოსო და დასთანხმდნენ. ასეთივე კვოტას ითხოვს სამინისტროებშიც. ანუ ყველა სამინისტროში ერთი მოადგილე მაინც უნდა. შეიძლება არ იყოს მისი პარტიის წევრი, მაგრამ მაინც მისი კაცია“, – აცხადებს წყარო „კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას.
როგორც წყარო აცხადებს, ირაკლი ალასანიას ხელისუფლებაში რაღაც დონეზე ვერ იტანენ და არ ენდობიან.
„ალასანიას ბიოგრაფიაში რამდენიმე საინტერესო დეტალი იკვეთება, მას მოფერებით „ცეერუს“ აგენტსსაც ეძახიან და როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებაში მის ამბიციებს ამიტომაც აკმაყოფილებენ. არა მგონია, ალასანია აგენტი იყოს, ის თავისი წარსული და ამჟამინდელი თანამდებობებიდან გამომდინარე, შეიძლება თანამშრომლობდეს ამერიკის სპეცსამსახურებთან. აშკარაა, ირაკლი ალასანიას დღევანდელ ხელისუფლებაში რაღაც დონეზე ვერ იტანენ, რაღაც დონეზე არ ენდობიან და თვლიან, რომ ის ფარულად გიგა ბოკერიასაც ხვდება და „ნაციონალენთან“ თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ანგარიშს მაინც უწევენ. გამგეობებსა და სამინისტროებში ალასანიას ხალხისთვის ადგილების გამოყოფის საკითხი ჯერ ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი, როგორც ინკოგნიტო წყარო ამბობს „ქრონიკასთან“ საუბარში, „ზემოთ“ თითქოს დასთანხმდნენ, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილს ჯერ ამ თანხმობაზე „ბეჭედი” არ დაურტყამს. სანამ ამას გააკეთებს (თუ გააკეთებს), ჯერ რაიმე კონტრზომები უნდა გაატაროს, რათა ალასანიას აღზევებას თვითონვე არ შეუწყოს ხელი“, – წერს „კვირის ქრონიკა“.
„ქრონიკა“ შეეცადა, ირაკლი ალასანიას პრესსამსახურის საშუალებით გადაემოწმებინა ინფორმაცია, მართლა ითხოვს თუ არა თავდაცვის მინისტრი თანამდებობდებს გამგეობებსა და სამინისტროში, მაგრამ პრესსამსახურის უფროსმა ეკა შანიძემ ალასანიას პარტიაზე („დემოკრატიული საქართველო“) მიუთითა, ეს წმინდა წმინდა წყლის პარტიული საკითხია და იქ გიპასუხებენო“, – წერს „კვირის ქრონიკა“.