“საზოგადოებას ვპირდები, რომ უფრო აქტიური ვიქნები“
საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას ჰპირდება, რომ უფრო აქტიური გახდება. როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრისას განაცხადა, სურვილი აქვს, რომ მიმდინარე პროცესების ანალიზში მიიღოს მონაწილეობა.
“ყველაზე ადრე, ერთ თვეში, და ყველაზე გვიან, ახალ წლამდე, მე ერთ-ერთ პროექტში მივიღებ მონაწილეობას, რაზეც დღეს არ მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. მოკლედ, საზოგადოებას ვპირდები, რომ უფრო აქტიური ვიქნები, იმიტომ, რომ დღევანდელი საზოგადოება ამას საჭიროებს. დღეს მთავარი პრობლემა არის ის, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს არარეალური განცდა, არარეალური მოლოდინი აქვს, არასწორად აღიქმება რეალობა. თუ ჩვენ არ გავაცნობიერეთ, რეალურად, სად ვართ დღეს, რისი გაკეთება შეგვიძლია, რა გვინდა (იმავდროულად, უნდა დავგეგმოთ, რა უნდა მივიღოთ 10 თუ 20 წლის შემდეგ), საით ვისწრაფვით და არ შედგა ფართომასშტაბიანი კონსენსუსი საზოგადოებაში, მისი განვითარება რთული იქნება”, – განაცხადა ექსპრემიერმა.