ილია მეორე: ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გული და გონება

სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს პატრიარქმა სასულიერო პირებთან და მღვდელმთავრებთან ერთად პარაკლისი გადაიხადა, რომელიც სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ახალგაზრდების დასალოცად შესრულდა. ილია მეორემ ახალგაზრდებს მიმართა და მოუწოდა, სიღრმისეული ცოდნა წიგნებიდან მიიღონ. პარაკლისს სემინარიისა და აკადემიის სტუდენტები, მასწავლებლები და მრევლი ესწრებოდნენ.
“სასწავლო წლის დასაწყისში სპეციალური პარაკლისი სრულდებოდა და ჩვენ ყველანი ვგრძნობდით იმ მადლს, რომელსაც ვღებულობდით. მახსენდება ჩვენი ერთ-ერთი პროფესორის სიტყვები, რომ თქვენ ათი სემინარია და აკადემია რომ დაამთავროთ არაფერი არ გამოვა, თუ ინდივიდუალურად თქვენს თავზე არ იმუშავებთო. მან გვირჩია შეგვექმნა პირადი ბიბლიოთეკა. ჩვენ გვქონდა სტიპენდია და ეს სტიპენდია ძირითადად წიგნების ყიდვაზე მიდიოდა. პროფესორები კითხულობდნენ ლექციებს და ზოგიერთი სტუდენტი კმაყოფილი იყო ამით. იყო სტუდენტების სხვა ნაწილი კი, რომლებიც მუშაობდნენ ბიბლიოთეკაში”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
მისივე თქმით, მათი სასწავლო დღე დილის 7 საათზე იწყებოდა ლოცვით, 9 საათზე უტარდებოდათ ლექციები, სამზე სადილი, შემდეგ კი ისინი მიდიოდნენ ბიბლიოთეკაში და კითხულობდნენ საღვთისმეტყველო წიგნებს, ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, ანთროპოლოგიის და ისტორიის წიგნებს. პატრიარქის თქმით, ამან გამოიღო ძალიან კარგი შედეგი. პირადად ის გრძნობდა, რომ ეს საჭირო იყო მისთვის.
“წიგნების კითხვა ეს იყო საწყისი ჩემი ასეთი წინსვლის სემინარიასა და აკადემიაში 8 წლის განმავლობაში. მე ვკითხულობდი წიგნებს და ვიყავი პირველი. მოსწრებით პირველმა დავამთავრე სასულიერო აკადემია. წარმოუდგენელია ადამიანი იყოს წიგნების გარეშე. რადიო და ტელევიზია და სხვა საშუალებები არ არის საკმარისი. სიღრმისეული ცოდნა წიგნებიდან უნდა აიღოთ. ჩვენ შევთხოვთ უფალს, გახსნას ჩვენი გონება, გული. დიდი ფიზიოლოგი პავლოვი ამბობდა, ადამიანს გააჩნია ორი გონება, მცირე და დიდი. დიდი ეს არის ჩვენი აზროვნება. გული არის დიდი გონება. ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გული და გონება, მცირეც და დიდიც”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
უწმინდესმა დალოცა ახალგაზრდები და მათ ღვთისაგან ძალი და სიბრძნე უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები