დავით შერაზადიშვილმა და გოგი მეშველიანმა სათემო ცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა კულტურის ცენტრის ხელმძღვანელთან სოსო კოპალეიშვილთან და კულტურის ცენტრთან არსებული სათემო ცენტრების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე სათემო ცენტრების 2023 წლის საქმიანობა შეაჯამეს და მომავალი წლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.
ახალგაზრდების მხარდაჭერის, ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტმა 6 დასახლებულ პუნქტში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დაკომპლექტებულ სოფლებში, სათემო ცენტრები 2021 წელს გახსნა. ცენტრებში ახალგაზრდებს ქართული ენის შემსწავლელი კურსების გავლის, სხვადასხვა პროექტის განხორციელებისა და მათი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება აქვთ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ(NALAG) საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2021 წლის კონკურსში სათემო ცენტრების პროექტი ნომინაციაში „ახალგაზრდების გააქტიურების, მობილიზაციის და ჩართულობის ხელშეწყობა“ გამარჯვებულად დაასახელა.