დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრემიერის საყვედური საფუძვლიანია
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სამდივნოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს სამ დეპუტატს – მედეა ვასაძეს, ალექსანდრე ჩიტიშვილს და ჯემალ ფუტკარაძეს წერილობითი საყვედური გამოეცხადა – დეპუტატი ალექსანდრე ჩიტიშვილი “კვირასთან“ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ საყვედური დამსახურებულად მიიღო.
რაც შეეხება ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის მურმან დუმბაძის პარტიიდან გაირიცხვის გადაწყვეტილებას,ჩიტიშვილი გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ამაზე აჭარის უმაღლესი საბჭო სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
“მე, როგორც დეპუტატს არ დამირღვევია კონსტიტუცია, როდესაც ვაკრიტიკებდი აჭარის მთავრობის საქმიანობას, თუმცა საყვედური, რომ ამ თემასთან დაკავშირებით განცხადებები პარტიასთან შეუთანხმებლად გავაკეთეთ, ვფიქრობ საფუძვლიანია“, – განუცხადა “კვირას“ ალექსანდრე ჩიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სამდივნოს გადაწყვეტილებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს სამ დეპუტატს – მედეა ვასაძეს, ალექსანდრე ჩიტიშვილს და ჯემალ ფუტკარაძეს წერილობითი საყვედური გამოეცხადა, ხოლო ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე პარტიიდან გაირიცხა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კოალიციის ლიდერმა განმარტა, პარტიის სამდივნომ იმსჯელა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების თვითნებურ ქმედებებზე და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პოლიტსაბჭოს აცნობა.