კარლ ბილდტი საქართველოსა და კომპანია Kreab-ის ხელშეკრულებაზე საუბარს თავს არიდებს
შვედური გავლენიანი გამოცემა „აფტონბლადეტი“ წერს, რომ საქართველოსთან კომპანია Kreab-ის ხელშეკრულების გაფორმებასა და კორუფციაში კარლ ბილდტის მონაწილეობის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა გაზეთთან ინტერვიუზე უარი განაცხადა და კითხვებს მხოლოდ ტვიტერის მეშვეობით უპასუხა.
„საქართველოს ერთ-ერთი ყოფილი მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს კორუფციაში ადანაშაულებს. კარლ ბილდტმა არ ისურვა ჩვენი გაზეთისთვის ინტერვიუს მიცემა, კითხვებზე პასუხი ელ-ფოსტით გაგვცა და შემდეგ ტვიტერზე გადაერთო. ბილდტს სურდა „აფტონბლადეტის“ კითხვებისთვის მხოლოდ ელ-ფოსტით ეპასუხა. მოგვიანებით მისმა პრესმდივანმა მის ტვიტერზე მიგვითითა, სადაც ბილდტი წერს, რომ იგი არ ყოფილა ჩართული Kreab-ის მიერ საქართველოს კლიენტად აყვანის პროცესში“, – წერს გამოცემა.
„აფტონბლადეტი“ ტვიტერში კარლ ბილდტთან მის მიმოწერას აქვეყნებს.
– Kreab-ის ხელმძღვანელები ცალსახად ამბობენ, რომ ჩართული იყავით Kreab-სა და საქართველოს შორის კონტაქტების დამყარებაში. თვლით, რომ ისინი ცრუობენ?
– არა, ასე არ ყოფილა, მაგრამ ეს არ არის იმდენად რელევანტური. ბრალდებები კორუფციას ეხება.
– რატომ არ დათანხმდით ცოცხალ ინტერვიუს? ტვიტერზე წერის დრო გაქვთ, თუმცა, როგორც ჩანს, თავს არიდებთ პირდაპირ კითხვებს.
– აქ დასვით თქვენი პირდაპირი კითხვები! გპირდებით, რომ გიპასუხებთ, გპირდებით გამჭვირვალობას.
– მესამედ გეკითხებით, რატომ ამტკიცებენ Kreab-ის ხელმძღვანელები, რომ ჩართული იყავით საქართველოს კლიენტად აყვანის პროცესში, თუკი სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილა?
– ზოგადად ვაცხადებ, რომ ვმუშაობდი, თუმცა არა ამ კონკრეტულ საკითხზე. ამას „კორუფციასთან“ არავითარი კავშირი არ აქვს. მე უკვე ვუპასუხე „აფტონბლადეტს“, რომ მე ამ საკითხზე საქართველოში არავისთან არანაირი საუბარი არ მქონია, 2006 წლამდეც კი.
– ისინი ამბობენ, რომ საქმე ეხებოდა საქართველოს. რას წარმოადგენდა თქვენი სამუშაო?
– მე ვიყავი მმართველი საბჭოს თავმჯდომარე 2006 წლის სექტემბრამდე, ვიყავი პასუხისმგებელი კომპანიის გრძელვადიან განვითარებაზე, საბჭოს მუშაობაზე.
– თქვენ ამტკიცებთ, რომ Kreab-ის ხელმძღვანელები ცრუობენ, როდესაც აცხადებენ, რომ თქვენ დაამყარეთ კონტაქტები, რის შედეგადაც გაფორმდა Kreab-ის ხელშეკრულება საქართველოსთან?
– მე იმას ვამტკიცებ, რასაც ვაცხადებ. და ვაცხადებ, რომ საუბარი კორუფციაზე არის სიცრუე და ცილისწამება.
– ესე იგი, სიტყვა სიტყვის წილ. რა მიზანი შეიძლება ჰქონდეთ Kreab-ის ხელმძღვანელებს, რომ ყოველივე სხვანაირად წარმოაჩინონ?
– არა, როგორც მე ვიცი, რაც მათ თქვეს ის არ არის, რასაც თქვენ ამტკიცებთ. თქვენ ამას თქვენებურად ატრიალებთ.
– ჩემს კითხვაზე „მართალია, რომ საქართველო ბილდტის კლიენტი იყო?“ კარლ ისაკსონმა ადრე მიპასუხა: „დიახ, ზუსტად ასე იყო. კარლს კარგი კონტაქტები ჰქონდა იქ, როდესაც იგი Kreab-ის თავმჯდომარე იყო“. კითხვაზე საქართველოს კლიენტად აყვანის შესახებ დანელმა გუშინ მიპასუხა: „რა თქმა უნდა, იმ დროს ბილდტი ჩართული იყო ამ სამუშაოში, იმ ფუნქციებით, რაც მას ჰქონდა“. რანაირად „ვატრიალებ ამას ჩემებურად“?
– მაშინ, ისევ მასთან უნდა გადაამოწმოთ. მე ვამბობ იმას, როგორც სინამდვილეში იყო, ხოლო ცრუ ბრალდებები კორუფციაზე არარელევანტურია.